უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენის" შემოტანის საქმეზე დაკავებული უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 1975 წელს დაბადებული მიხაილო სკრუპსკია და მისთვის უცნობი იყო, რა ნივთიერების შემოტანის გამო დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 11 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოღებულია „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე: მძღოლი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მართავდა ავტომობილს და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და გადასცა ამოღებული ნივთიერება.
სუსის 11 სექტემბრის განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
დღეს, 12 სექტემბერს კი, სუსში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, "რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. "პაუტინა 2", გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი".
1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია სახელწოდებით "ობობას ქსელი" (Павутина). ოპერაცია მზადდებოდა წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი განხორციელების შედეგად განადგურებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი, რაც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%-ს - რომლებიც მას აეროდრომებზე ჰყავს ბაზირებული. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა რაკეტმზიდი ბომბარდირები Ту-22М3, Ту-95МС, Ту-95, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსან რაკეტებს უშვებდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად გადაუხადა მადლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თანამშრომლებს ოპერაცია "ობობას ქსელის" ("Павутина") "ბრწყინვალედ" შესრულებისთვის.
სუსი ირწმუნება, რომ სწორედ ამის გამო "გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის".
უწყების პრესსამსახურის ცნობით, MERCEDES-BENZ-ის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა, საქართველოს ტერიტორიაზე 10 სექტემბერს შემოვიდა თურქეთიდან - უკრაინიდან საქართველოში მოსახვედრად გაიარა რუმინეთი და ბულგარეთი.
რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი
სატვირთო ავტომობილის დაკავებული უკრაინელი მძღოლის ადვოკატი დალი ბარბაქაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არ იცის, რა ოპერატიული ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ, მისი თქმით, "მსგავსი რამ ჩვენებაში არ არის".
"ამის [მიხაილო სკრუპსკის] მისია დასრულდა იქ, როგორც მას უთხრეს, რომ ბათუმში დახვდებოდა კაცი და გადასცემდა, მეტი ამან არაფერი იცოდა".
როგორც დალი ბარბაქაძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაყოლის მიხედვით განმარტავს, მან არც ის არ იცოდა, რა მოჰქონდა.
"უკითხავს კიდეც ნარკოტიკი ხომ არ არისო და უთხრეს - არაო. რაღაც ახსენესო რუსეთში "პაუტინა 2-ის" მომზადებასთან დაკავშირებითო. საქართველო ჩვენებაში ნახსენები არ აქვს, ისინი, ვინც მომიტანაო [ეს ნივთი], რუსეთში "პაუტინა 2-ის" შესახებ საუბრობდნენო, ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ არ ვიცი რისთვის, როდის და სად უნდა გამოყენებულიყოო, მე სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია და არც სხვა დროს არანაირი ამანათი არ წამომიღიაო. ეს იყო პირველი შემთხვევა და მეტი ამის შესახებ არაფერი ვიციო", - ამბობს დალი ბარბაქაძე, რომლის თანახმადაც, მიხაილო სკრუპსკის "ამანათის" წამოღებაში რაიმე საფასური არ აუღია, არც შეუთავაზებიათ და არც თავად მოუთხოვია.
იმის შესახებ, თუ ვინ გადასცა საქართველოში წამოსაღები ნივთი, ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მონათხრობის საფუძველზე ამბობს, რომ პირადად არ იცნობდა მათ, თუმცა შეხვედრისას გაეცნენ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
"მოვიდა ჩემთან ორი მამაკაცი და მითხრა, რომ იყვნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიო, წარმომიდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, სახელი და გვარი ზუსტად არ მახსოვსო. მაგრამ მახსოვს, რომ ერთ-ერთს ვლადიმირი ეწერაო და მკითხეს, ხომ დადიხარ საქართველოში და მთხოვეს წაღებაო. მეო არ მესიამოვნა, რა თქმა უნდაო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენთან ომია, თან უშიშროების [წარმომადგენლები იყვნენო] და ვიფიქრეო, ისეთი რა უნდა იყოსო და წამოვიღეო. აქ ჩამოსვლისას კი დახვდა ის ადამიანი, რომელიც ახლა დაკავებულია", - ჰყვება დალი ბარბაქაძე.
ადვოკატის განმარტებით, მიხაილო სკრუპსკიმ ნივთი ბათუმში გადასცა ასევე უკრაინის მოქალაქეს, რომელიც დალი ბარბაქაძის თქმით, "უკანასკნელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბათუმში ცხოვრობს" და როგორც მისი ადვოკატისგან იცის, "დუმილის უფლებას იყენებს".
დალი ბარბაქაძის სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ზუსტად გადაცემის მომენტშია დაკავებული".
უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან და მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ შეკითხვები წერილობით გაუგზავნა საქართველოში უკრაინის საელჩოსაც. პასუხები, მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში.
მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.
მისი სიტყვებით, "თავისთავად ეს არის უკვე მძიმე ფაქტი", როდესაც "ამ საქმის კონკრეტული ეჭვმიტანილი ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე".
"რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც. რაც შეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ამ დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს", - თქვა კობახიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს".
"ნებისმიერი ასეთი ფაქტი სრულად უნდა იყოს გამოძიებული და დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთ რამეს", - უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
Prime Time-ის ვერსია
სუსის მიერ დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით პროსახელისუფლებო გამოცემა Prime time-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს".
და რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალაია "რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული".
გამოცემა ასევე ირწმუნება, რომ "გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს".
განახლება: სუს-მა მოგვიანებით სააგენტო IPN-ს უთხრა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა, ბოლო საათებში, მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს“.
ბაჩო ახალაია - სრული აბსურდია და ტყუილია
"ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროინდელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც 9-წლიანი პატიმრობიდან 2022 წლის მარტში გათავისუფლდა, რამდენიმე წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ის ოჯახთან ერთად რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში, როგორც თავად ამბობს, ცოლისძმის გარდაცვალების შემდეგ და მთელი ამ ხნის განმავლობაში იმყოფება სახლში, თბილისში, შავიშვილის ქუჩაზე, 13 წლის შვილთან ერთად.
როგორც ახალია ეუბნება რადიო თავისუფლებას, გავრცელებული ინფორმაცია არის "სრული აბსურდი და ტყუილი".
"მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ, როცა ჩამოვედით მას მერე. აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება "ნაციონალური მოძრაობიდან" უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები, რატომ არ მქონია - ჯერ ერთი, 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ", - ამბობს ახალაია.
რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად, რა ვარაუდები აქვს, რატომ შეიძლება მის სახელს აკავშირებდნენ ამ საქმესთან, ამბობს: "ვიცი ამათი პროპაგანდის ჩემდამი დამოკიდებულება, ამათ ჰგონიათ, ახალაია ძალიან მძიმე ფიგურაა და მასაც თუ გარევენ ამ საქმეში, ვიღაცას შეაშინებენ ან გულს აუცრუებენ. არ ვიცი, როგორც თქვენ ვერ გამცემთ იგივე კითხვაზე პასუხს, მეც ვერ გაგცემთ".
რაც შეეხება "ჰექსოგენის" საქმეს, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
- 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა;
- 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსში 11 სექტემბერს თქვეს, რომ დაკავებისას ასაფეთქებელ ნივთიერება "ჰექსოგენთან" ერთად ასევე ამოღებულია რვა მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს, 12 სექტემბერს, წარუდგინა და სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ინფორმაცია განახლდა 23:30 საათზე სუს-ის დამატებითი კომენტარით.