ჟურნალისტი ვახო სანაია, იმ მოქალაქეს მიმართავს, რომელიც დღეს სასამართლომ მისი შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა.
“მინდა გამოვეხმაურო ამ ადამიანს. როგორც აღმოჩნდა, მან იკითხა, რატომ არ ვიყავი სასამართლოში. იკითხა – თვითონ არ მოვიდა და თან მიჩივისო? არა, მე არ გიჩივით – მე ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს შევიტყვე. სასამართლოში რომ იყო საქმე შეტანილი, ესეც კი დღეს გავიგე. თქვენ დაგაჯარიმათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, მე თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, რა დაწერეთ. მე ვიცი, რომ თქვენი საქციელი კანონდარღვევა არ არის, როგორი უღირსიც არ უნდა ყოფილიყო ის და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის რიტორიკა, რაც დღეს სასამართლოში გქონდათ. პირიქით, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ თქვენ და ამ ქვეყნის არცერთი მოქალაქე კომენტარებისა და სტატუსების გამო არ ჯარიმდებოდნენ. თქვენი ჯიბიდან იმ 2000 ლარის ამოღება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს უნდა მაშინ, როცა, როგორც თავად ამბობთ, მხოლოდ წამლებისთვის 1500 ლარი სჭირდება თქვენს ოჯახს. არათუ არასდროს გიჩივლებთ, არამედ თავად მე ვარ დაჯარიმებული 4000 ლარით Facebook სტატუსის გამო, რომელსაც ჩემი ნებით არასდროს გადავუხდი რეჟიმს – აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს თქვენი სურვილი იქნება, ორგანიზებას გავუწევ იმას, რომ ეს ფინანსური ტვირთი არ დაგაწვეთ კისერზე. ამისთვის თქვენი სურვილი და ნებართვაა საჭირო”
53 წლის ზვიად ოსიყმაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, სასამართლო სხდომა დღეს, 25 ივნისს გაიმართა, სადაც ოსიყმაშვილი მარტო – ადვოკატის გარეშე მივიდა.
შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 53 წლის კაცს ედავება, რომ მან ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის პოსტის ქვეშ, რომელზეც ვახო სანაია იყო გამოსახული, გინება დაწერა და სანაიას შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაჯარიმებულმა განცხადება გააკეთა:
„ინვალიდი ძმა მყავს. ავადმყოფი დედა. მარტო 1500 ლარის წამლები სჭირდება, თირკმლები აწუხებს 2000 ლარს როგორ გადავიხდი, ფაქტობრივად, მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემომტანი“ – თქვა ოსიყმაშვილმა

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·