არავინ დაუკავებიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს – ელისაშვილი

1 week ago 14

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან მისი ცემის ფაქტზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და არც თავად უცნიათ დაზარალებულად.

საქმე ეხება, 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დაპირისპირებას, რის შემდეგაც დეპუტატი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ელისაშვილი ამბობს, რომ ის პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დავალებით სცემა რამდენიმე პოლიციელმა.

მისი თქმით, თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა უწყებას ამ დრომდე “ყურს არ იბერტყავს”.

“არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს ეს მოძალადე პოლიციელები; არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, წარმოგიდგენიათ?! კიდევ უფრო მეტი – დაზარალებულადაც კი არ მცნეს. ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ მეც და ჩვეულებრივი ქართველი ვარ, მაგრამ, ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით მიცავს იმუნიტეტი – ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს, წესით. [თუმცა,] ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა ბანალურ და მარტივ ძალადობას ადგილი და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც უდღეური ორგანიზაცია – საგამოძიებო სამსახური. ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე.

სინამდვილეში რა არის ეს? საქმის ჩაფარცხვაც არაა, ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ სამარცხვინო, მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა