WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მედიასთან საუბარში, 18 სექტემბერს სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დააკავშირებით განაცხადა, რომ "არანაირი არჩევნები, არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანარი დამოუკიდებელი  აფხაზეთი".

მისი სიტყვებით, საქართველოს ორივე ამ ტერიტორიაზე სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმადაც "ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია", "რაც გულისხმობს, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული, შესაბამისად ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია სხვა არაფერს აქ არანაირი შინაარსი და დატვირთვა არ აქვს" , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ამოცანაა, რომ "ეს ოკუპაცია დასრულდეს".

"ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში, აღიარება იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ეს ბარიერები მოიხსნება", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალში

საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“) 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე პრეზიდენტის არჩევნები. თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.

"არჩევნები" უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ:

  • მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
  • მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
  • ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
  • ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.

პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს - გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შეფასების თხოვნით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ზოგადად, მათ შორის 2024 წელს საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის არჩევნებს, უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და მუშაობა პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელა.

რუსეთმა ცხინვალის რეგიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ. ამ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, საიდანაც 30 ათასამდე ადამიანია დევნილი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთი მართავს და აკონტროლებს.