არასამთავრობოები აქციაზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ

4 hours ago 4

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპული აქციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან, პროკურატურისგან მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. 

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული 30-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა, მოგვიანებით კი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეცვალა, როცა საქმე ეხებოდა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილსა და არასრულწლოვან ბიჭს.

„ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეები უპირობოდ აკმაყოფილებდნენ პროკურორების შუამდგომლობებს:

„აქციის მონაწილე ყველა ბრალდებულის მიმართ, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ სასამართლო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაშია ჩართული;

„ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას და მოვითხოვთ, რომ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ამ კონკრეტული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა“.

დღეს, 23 დეკემბერს, 26-ე დღეა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. აქციებზე პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. აქციებზე პოლიციამ იძალადა არაერთ მოქალაქეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. შსს დემონსტრანტების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

აქციები დაიწყო 28 ნოემბერს, როცა „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა