WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

25 სექტემბრის განცხადებაში შსს-მ აღნიშნა, რომ 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ“.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა დაკავებული ჯგუფის ლიდერი ან მისი ერთ-ერთი წევრი.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ 2025 წელს, ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

შსს-ს ინფორმაციით, „არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე, ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით“.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, აცხადებს შსს.

„აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა შსს-მ. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“.

შსს-მ დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, სავარაუდოდ, დავით ჯაფაროვია.

This post is also available in: English