განათლების სამინისტროში 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ელოდებიან დაზუსტებულ ცნობებს.
„არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩვენ ისევ და ისევ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული დასკვნებითა და დამაზუსტებელი პასუხებით. ეს შენობა დაექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას თუ დემონტაჟსა და მის ადგილას ახლის აშენებას […] ეს არის შემდგომი განხილვის, შემდგომი ეტაპის საკითხები, რომლებიც ძირითადად უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას დაქვემდებარებული საკითხია, რა თქმა უნდა, ჩვენთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მუდმივი კომუნიკაცია იქნება 21-ე სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან“, – თქვა მიქანაძემ.
მიქანაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილებს დეტალურად გააცნეს ექსპერტიზის ბიუროდან დამაზუსტებელ კითხვებზე მიღებული პასუხები.
„განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და თხოვნა, იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი. ჩვენ ვუთხარით, რომ ის დასკვნა, რაც გვაქვს წარმოდგენილი, იგივე დამაზუსტებელი პასუხი, ფიზიკურად არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ორშაბათიდან ასე პირდაპირ დაიწყოს პროცესი, იმიტომ, რომ იქ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი“, – ამბობს გივი მიქანაძე.
შეხვედრის შემდეგ სასკოლო საზოგადოება ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მინისტრთან და ექსპერტებთან ერთად 21-ე სკოლაში წავიდა შენობის მდგომარეობის დასათვალიერებლად.
მიქანაძემ თქვა, რომ თუ მათგან მიიღებენ პასუხს, რომ არსებული დაზიანებების გამოსწორება შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ ისე, რომ პარალელურ რეჟიმში სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს, იმსჯელებენ რამდენად შესაძლებელია უახლოეს დღეებში სასწავლო პროცესი აღდგეს 21-ე სკოლაში.
რაც შეეხება სხვა სკოლებს, მიქანაძემ ზუსტი რიცხვი ვერ დაასახელა, თუმცა დაადასტურა, რომ 10-ზე მეტი სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა. მისივე განცხადებით, ყველა ამ სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს:
„ყველა სკოლასთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეგზავნა დამაზუსტებელი შეკითხვა. […] ეტაპობრივად შემოდის პასუხები, ეს პასუხები როგორც კი გვექნება, რა თქმა უნდა, კომისია ჩატარდება, ექსპერტების თანდასწრებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაწილეობით, ორივე სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით დეტალურად იმსჯელებს და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად კომისიურად მიიღებს გადაწყვეტილებებს“, – თქვა გივი მიქნაძემ.
კითხვაზე, ყოველ ჯერზე სამინისტროს ასეთი პრაქტიკა აქვს, თუ ამ შემთხვევაში იყო გამონაკლისი, მაგალითად პროტესტის გამო, მიქანაძე პასუხობს:
„პროტესტი რაც ჩვენ ვნახეთ, ორ სკოლაში იყო რამდენადაც მე მახსოვს მაგრამ ეს რომ პროტესტის შედეგი ყოფილიყო, მაშინ მარტო ამ ორ სკოლაზე გავაგზავნიდით და სხვებზე არ, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია გვქონოდა, რომ ამის მიხედვით უკვე ერთობლივად კომისიური მსჯელობის შედეგად ძალიან კონსტრუქციულ გარემოში მიგვეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – რამდენად უსაფრთხოა, რა უნდა გაკეთდეს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ რაღაც აღმოიფხვრას უმოკლეს ვადაში რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იქ ფიზიკურად გაგრძელდეს ეს [სასწავლო] პროცესი“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, წინა წლებშიც ასეთ იქცეოდნენ თუ არა, მიქანაძე ამბობს, რომ წინა წლებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს ფუნქციები წელიწადზე მეტია ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს გადაცემული.
იხილეთ ასევე:
netgazeti