არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს…როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან, – მწერალი გიორგი კეკელიძე აფხაზეთში, საბერიოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და ეგ მიაღწევს, თუ მიაღწევს. და რა? სად წაიღებს მშიერ ბავშვობას, მცივან ბავშვობას, ოცნებების სასაფლაოს? ვერ გამოკვებავ ერთი ფილა შოკოლადის სურვილს, წლების მერე თუნდაც ათასი შესთავაზო.
ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და… ხან ვერც გაიზრდება – როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან.
ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის უამრავ არას ცხოვრებისგან.
ყოველდღიურ და სასტიკ არას და ამ არას ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ მათი თვალებისთვის თვალის არიდება“, – წერს გიორგი კეკელიძე.