23 წლის მარჯვენა გარემარბი, ბუკაიო საკა ლონდონის "არსენალს" ბევრი კვირით გამოაკლდა.
"მეთოფეთა" ლიდერს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 13 ასისტი აქვს პირად აქტივში, მოედნიდან გასვლა "კრისტალ პალასთან" მოგებული შეხვედრის (1:5) პირველ ტაიმში მოუხდა. ინგლისელს დაზიანება ფეხის უკანა კუნთზე აღენიშნება.
ლონდონელებს რომ თავიანთი შვიდიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარებათ, ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამაც დაადასტურა.
"ეს კარგად არ გამოიყურება. ბუკაიო ბევრი კვირით იუქმებს.
რაც არის, ეს არის. საკა ტრავმირებულია. ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ვეცდებით, რომ ეს დრო მის დასახმარებლად გამოვიყენოთ.
გაიწყვიტა თუ არა მან კუნთი? კი. ალბათ, არსებობს ამ ტრავმის თავიდან არიდების გზები. ბევრი ფაქტორია. ყველაფერს ვაკვირდებით და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვეძლება განსხვავებულად. შესაძლოა, ეს მატჩების რაოდენობის დაგროვების ბრალიც იყოს. დეკლანმა და ბუკაიომ 3 სეზონში 130-ზე მეტი მატჩი ითამაშეს," - თქვა არტეტამ.
თუ ჩავთვლით, რომ ინგლისელი გარემარბი "არსენალს" თებერვლის პირველ რიცხვებამდე ვერ დაუბრუნდება, მას ჯამში 12 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
"მეთოფეები" პრემიერ ლიგის ცხრილში მე-3 ადგილზე არიან და ლიდერ "ლივერპულს" 6 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა "სქაუზერებს" ერთი მატჩი თადარიგშიც აქვთ. მომდევნო შეხვედრას "არსენალი" 27 დეკემბერს, "იფსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ გამართავს.