არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

7 hours ago 5

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, სასულიერო პირი, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების ღია კრიტიკითაა ცნობილი, პატრიარქ ილია II-ის 29 ოქტომბრის ბრძანებით, წინამძღვრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა, რომლებშიც მიზეზად „დისციპლინური ხასიათის დარღვევები“ იყო მითითებული.

პატრიარქის მიერ ხელმოწერილი №84 ბრძანებით, ყურაშვილი გათავისუფლდა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ეპარქიულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლესი სასულიერო პირები შედიან – მათ შორის საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე და პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი – გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც, არქიმანდრიტი კომისიაში რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. კომისიამ დაადგინა, რომ „არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და  ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე  მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.

ყურაშვილმა არაერთხელ დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა, ასევე „სისტემური უსამართლობა“ და რეპრესიული ზომები მოქალაქეების წინააღმდეგ. სასულიერო პირმა არაერთხელ დაუჭირა მხარი მიმდინარე პროევროპულ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, და ასევე ესწრებოდა ყოველდღიურ დემონსტრაციებს თბილისში. მანვე ეკლესია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოქმედებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა