არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე კალაძე ტრამვაის ხაზის გაკეთების პირობას დებს

3 days ago 2

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, თბილისის მერი, რომელიც ამ პოსტზე მესამე ვადით იყრის კენჭს, დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების პირობას დებს - მისი თქმით, "ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს."

კალაძემ ტრამვაის აღდგენის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი.

გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, - თქვა კალაძემ.

მერის განცხადებიდან ირკვევა, რომ ტრამვაის ხაზი, რომელზეც ილაპარაკა, 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტების თანახმად, დიდი დიღომი - "დიდუბის" მიმართულების პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2022-2024 წლებში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს და ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრამვაის არანაკლებ სამი ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მშენებლობის პროექტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

თბილისში ტრამვაის აღდგენის საჭიროებაზე დისკუსია ტრანსპორტის სპეციალისტებში დიდი ხანია გრძელდება - თავად კალაძემ, რომელიც წინა წლებში ამბობდა, რომ ტრამვაი ძვირიანი პროექტია, დიდი დიღმიდან "დიდუბემდე" მიმავალ ხაზზე, როგორც უკვე არსებულ გეგმაზე, პირველად 2025 წლის მარტში ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ პროექტი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მომზადდება და დამტკიცების შემთხვევაში, ტრამვაის ხაზი 2028-2029 წლისთვის უკვე მზად იქნება.

თბილისმა საუკუნეზე დიდი ხნის ისტორიის მქონე ტრამვაიზე უარი 19 წლის წინ, 2006 წელს თქვა, თუმცა მალევე, 2010 წლის ნოემბერში, თბილისის მერიამ აზრი შეიცვალა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ნაწილობრივ ჩანაცვლების იდეაზე ალაპარაკდა.

დედაქალაქის მაშინდელი მერი გიგი უგულავა ამბობდა, რომ თბილისში ტრამვაის სისტემის დანერგვა 3-4 წლის პერსპექტივა იყო:

„კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისის მერია მუშაობს ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს პარიზის ტრამვაის დაგეგმარების სფეროში...ტრამვაის გასაყვანად სასტარტო ინვესტიცია დაახლოებით 500 მილიონ ევროს აღწევს, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროექტი და ის დანახარჯს აუცილებლად ამოიღებს“.

2010 წელს, უცხოელ კონსულტანტებთან ერთად, დედაქალაქის მერია განიხილავდა ტრამვაის ორ მარშრუტს - საერთო სიგრძით 36-კილომეტრიან ხაზს მტკვრის ორივე სანაპიროზე.

ორი წლის თავზე, 2012 წლის 6 აპრილს, გამოქვეყნდა საფრანგეთის კომპანია „სისტრას“ ერთწლიანი სამუშაოს შედეგები. ეს სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა. კომპანიის წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ თბილისის ტრამვაის პირველი ხაზი, ამოქმედების შემთხვევაში, დღეში 100 ათას მგზავრს გადაიყვანდა. ტრამვაის მარშრუტი კი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან უნდა დაწყებულიყო და ორთაჭალის ავტოსადგურთან დამთავრებულიყო.

პროექტისთვის დედაქალაქის მერიას 150 მილიონი ევრო უნდა მოეძიებინა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის პროექტი 2015–2016 წლებში განხორციელდებოდა.

2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტრამვაის იდეა, როგორც ძვირადღირებული პროექტისა, გვერდზე გადადეს 2017 წლამდე - ამ დროს მერიის ტრანსპორტის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის პერსპექტივას განიხილავდა, როგორც შესაძლებლობას.

2018 წლის 22 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს აცნობა, რომ დაგეგმილი იყო მიწისზედა მეტროს აშენება სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით.

მისი მტკიცებით, მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, პროექტის ღირებულება კი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა.

იგეგმებოდა რვა ახალი სადგურის მშენებლობა და ეს მარშრუტი მოემსახურებოდა 200 000-ზე მეტ ადამიანს.

კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევიდოდა შვიდი ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.

მისივე თქმით, მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმებოდა თბილისისა და რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.

2019 წელს რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეის დასახვეწად მთავრობამ ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია MC Mobility Consultants GmbH-ი მოიწვია.

2022 წელს თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ტრამვაის შესახებ რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ამბობდა, რომ ეს არახარჯთეფექტური პროექტი იყო და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კვლევების მიხედვით, მისი საჭიროება არ არსებობდა.

"უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ რაც გვაქვს ავტობუსების ნაწილი, [იქნება საკმარისი და] არ გაჩნდება ტრამვაის საჭიროება. 18-მეტრიანი ავტობუსები შეძლებენ გადაიყვანონ ის მგზავრთნაკადი, რაც გვყავს და გვეყოლება.

ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარეც რომ შევხედოთ, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსი, ამ შემთხვევაში დრო და ფული. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაახლოებით 60-65% არის დოტაციაზე მარტო საოპერაციო ხარჯის ნაწილში", - ამბობდა ვიქტორ წილოსანი 2022 წელს. მან თბილისის მერია 2024 წელს დატოვა.

სრულად წაკითხვა