„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი“ — ევროპარლამენტარი „ოცნების“ „შავ სიაზე“

1 week ago 15

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ავტორიტარიზმის გამოვლინებად შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ ღია რეესტრის შექმნის დაანონსება, სადაც გეგმავენ იმ ადამიანთა შეყვანას, ვინც ონლაინ სივრცეში ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათვე აზრით, „სიძულვილს და ზიზღს აღვივებს“.

ლექსმანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ ქართველი ხალხის იმედებს და მისწრაფებებს ანადგურებს.

„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც ხელს უწყობს ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურება,“ — წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

This is what authoritarianism looks like. Shame on the Georgian Dream and those enabling its destruction of Georgian people’s hopes and aspirations https://t.co/8a80NYvqGF

— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 8, 2024

„ქართული ოცნება“ აანონსებს საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი აზრით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვაა.

უფრო კონკრეტულად, პაპუაშვილი გულისხმობს იმ ცნობილ და ამა თუ იმ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, ვისგანაც საზოგადოებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საჯარო პოზიციის დაფიქსირების მოლოდინი აქვს. პაპუაშვილის შეფასებით ეს არის „მორალური ტერორი“ და „შანტაჟი“. ამიტომ, „პარტიამ და პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ასეთი ბაზა, ვებ-გვერდი, სადაც ეს ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ჩანს, როგორ ძალადობენ ფიზიკურად სხვებზე, ვხედავთ მუქარას, ვხედავთ შანტაჟს – ეს ყველაფერი თან საჯაროდაც ხდება – ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული და შემდეგ საზოგადოება თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით.“

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბაზაში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოზიციას სოციალური ქსელების საშუალებით გამოხატავენ, ან იწონებენ სხვის პოზიციას.

სრულად წაკითხვა