„ასე, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად პირველივე კლასებიდან სწავლობენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, პიროვნება და მოქალაქე“ – გამზარდია

2 weeks ago 6

ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია:

„არასრულწლოვანთა ჩართულობის შესახებ. არსებობს პროცესი, რომელიც ვიწრო პოლიტიკურის საზღვრებიდან გადის და ზოგად სახელმწიფოებრივ, სამოქალაქო საზღვრებზე გადის.

სკოლაში დაწყებითი კლასებიდან ისწავლება საგანი “მე და საზოგადოება”, სადაც ბევრი საინტერესო საკითხია შეტანილი, მათ შორის ამ ასაკის მოსწავლეთა უფლება-ვალდებულებების, სამოქალაქო ურთიერთობების, ემპათიის, ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ოჯახში, კლასში, მეგობრებში და საზოგადოებაში მცირეწლოვანთა ქცევის შესახებ.

მეექვსე კლასიდან ისწავლება სკოლებში საგანი “მოქალაქეობა”, სადაც სამოქალაქო ქცევას, სახელმწიფოს გააზრებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, სამოქალაქო ვალდებულებებს და ა.შ. ეხება საკითხები, შესაბამისი ასაკის მიხედვით.

ასე, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად პირველივე კლასებიდან სწავლობენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, პიროვნება და მოქალაქე.

გარდა საგნობრივი ცოდნისა, სასკოლო სწავლება მოსწავლეებში სწორედ მოქალაქის თვითშეგნების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

შესაბამისად, როდესაც დღეს არასრულწლოვანთა მხრიდან სამოქალაქო პოზიციებს ვხვდებით, ეს არის ის, რაც მათი საგნობრივი ცოდნის ნაწილიცაა, სასკოლო ქცევაც და უკვე შექმნილი მოქალაქეობრივი ვალდებულების გამოხატვაც.

ცხადია, არსებობს საზღვრები, რომელიც არასრულწლოვნების ქცევის ჩარჩოებს ქმნის, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესები სწორედ რომ არა ვიწრო პოლიტიკური, არამედ ფართო, სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პროცესია.

პირადად მე, 9 წლის ვიყავი, როდესაც 8 აპრილს ჩუმად გავიპარე მიტინგზე და საღამოს დავბრუნდი სახლში, 1991 წელს 12 წლის ვიყავი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებას მიტინგზე შევხვდი ერთ-ერთ კლასელთან ერთად. ე.წ. “ფიზკულტურის” ფორმა მეცვა, რომელიც კლასელის სახლში გამოვიცვალე, რადგან სკოლის ფორმით ქუჩაში მილიცია გამაჩერებდა სასწავლო დროს მეტროში რომ მნახავდნენ. მეტიც, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ე.წ. პიონერის ყელსახვევი მოვიხსენი და “უყელსახვევოდ” მივედი სკოლაში, რაც მაშინ საკმარისი მიზეზი იყო მოსწავლის პედსაბჭოზე გასაყვანად და სკოლიდან გასარიცხად. 9 აპრილის შემდეგ კი შუბლზე შავი ნაჭრით შემოხვეული დავდიოდი (მაშინ უფროსები გლოვის ნიშნად ასე დადიოდნენ). კიდევ უფრო მეტი, დაწყებით კლასებში გოგონებს ჰქონდათ ხოლმე ე.წ. საუნჯეები, სადაც მათ კითხვებს ვპასუხობდით და შეკითხვაზე თუ რაზე ვოცნებობდით, პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს 9-10 წლის ასაკში გვეწერა, რომ ვოცნებობდით საქართველოს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე.

დიახ, მოქალაქეობა ბავშვობიდან ყალიბდება, ის რაც სკოლის ასაკში არ ყალიბდება ჩვენში, არც სრულწოვანობისას შეიქმნება.

ჩემი მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებს, გამოთქვით თქვენი აზრი სკოლაში, გაკვეთილზე, სკოლასთან, საკლასო ოთახებში, სწორედ იქ, სადაც ცოდნას ეუფლებით.“

სრულად წაკითხვა