„სარკე“, რუსუდან ადვაძე
„დამირეკეს და მითხრეს, დუშეთობის დღესასწაული ახლოვდება, გვინდა, დუშეთის საპატიო მოქალაქეობა მოგანიჭოთ და ამ ამბავს ყველა აღფრთოვანებით შეხვდაო. თავიდან უარის თქმა მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, უარი რომ ვთქვა, უხერხულია მასთან, ვინც დამასახელა და უნდა, მათი საპატიო მოქალაქე ვიყო-მეთქი… მითხრეს, თანხმობა უნდა მოგვცეთო. გადავუგზავნე თანხმობა და რომ აღარ დამირეკეს, კი მიკვირდა, რატომ არ დამირეკეს, რა დროს არის, სად უნდა მივიდე-მეთქი…“_ გვიყვება თეატრისა და კინოს მსახიობი, ასმათ ტყაბლაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი პირდაპირობით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციითა და ენერგიულობით. ეს სასიხარულო შეთავაზება თუ ინიციატივა, საბოლოოდ ძალიან უხერხულად დასრულდა.
„დუშეთობის წინა საღამოს დამირეკეს, იცით, რაღაც მოხდაო… აბნეულ-დაბნეულმა მითხრა უარი და, რა თქმა უნდა, ვერ მითხრა, რატომ“, _ გვითხრა ქალბატონმა ასმათმა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ მიზეზი მისი კრიტიკული საჯარო პოზიცია და პოლიტიკური შეხედულებები გახდა, რომლებსაც იგი ტელევიზიითა თუ სოციალური ქსელებით აქტიურად გამოხატავს.
„მავანთ არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარი მითხრეს. ვინ სთხოვდა? ჯერ გაერკვიათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და მერე დაერეკათ… ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს! ღმერთი მაღალია და სამართლიანობას არჩევს! მე ღმერთს ვენდობი და ის განსჯის!“ _ დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.
შექმნილ ვითარებასა და ამასთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულებასზე ასმათ ტყაბლაძე „სარკესთან“ საუბრობს:
_ არ მაქვს ხოლმე პრეტენზია, რაიმე რეგალიები და ჯილდოები მივიღო. თუ ჩემი ნიჭიერებით და შემოქმედებით შემაფასებენ, რა თქმა უნდა, მიხარია. ეს კი, რაც მოხდა…
16 წლის, მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა მხატვრულ კითხვაში და რესპუბლიკაში პირველი ადგილი ავიღე. საჩუქრად ოქროს საათი და დიდი დიპლომი გადმომცეს. მაშინ შევარდნაძე იყო ქვეყნის მმართველობის სათავეში და ის აწერს ხელს, მაგრამ რა ვქნა, ის იყო… ეს გამარჯვება ძალიან გამიხარდა და ღირსიც ვიყავი!
დედა ხევსური მყავს წარმოშობით და ხევსურული სამოსი მეცვა იმ ოლიმპიადაზე. მიხდებოდა კიდეც, კარგი გოგოც ვიყავი! ჟურნალები და გაზეთები აჭრელებული იყო, ასეთი და ასეთი გოგოა დუშეთიდანო.
ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. არსად არავინ შემირცხვენია, სკოლაშიც და ინსტიტუტშიც ძალიან კარგად ვსწავლობდი.
_ დუშეთში გაიზარდეთ?
_ დიახ, დუშეთში დავიბადე და გავიზარდე. დედა იქაურია. ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე, კარგი პაპა და ბებია მყავდა. მამა ქუთაისიდან იყო, ჩვენ კი დუშეთში ვცხოვრობდით.
მამაჩემი დუშეთში გაანაწილეს და იქ გაიცნო დედა. შეუღლდნენ და გავჩნდით მე და ჩემი და. მერე რაღაც მოხდა და გაშორდნენ დედა და მამა ერთმანეთს. მამა წავიდა და მეორე ცოლი მოიყვანა. მამის მხარეს გადასარევი და-ძმები მყავს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. შესანიშნავი დისშვილები და დის შვილიშვილები მყავს.
ჩემი დუშეთი და დუშელები ძალიან მიყვარს და ჩემს ყველა გამოსვლაში ვახსენებ ხოლმე, რის გამოც იქაურები სულ მადლობას მიხდიან. სახლი დღესაც გვაქვს იქ და ჩემს შვილსა და შვილიშვილსაც უყვართ იქაურობა. იქ ვისვენებთ სულ ზაფხულობით. წელსაც ვიყავით.
იქ მე ვცხოვრობ ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე არის ის სასამართლო, სადაც ილია ჭავჭავაძე 5 წელი მუშაობდა მომრიგებელ მოსამართლედ. იქ იდგა მისი ბიუსტი, რომელიც მოიპარეს იმ პერიოდში, ძეგლებს რომ იპარავდნენ და ჯართში აბარებდნენ. მგონი, 35 წელია, იქ ეს ბიუსტი აღარ არის. განცხადება მაქვს ახლა შეტანილი გამგეობაში, რომ ძეგლი მე დავდგა ჩემი ხარჯებით.
ჩემთვის გასაგებია, რატომაც მითხრეს უარი. მთავრობის მიერ გაკეთებულს რასაც არასწორად მივიჩნევ, გამოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ, რატომ მოეწონებათ ჩემი შენიშვნები და სულაც არ გამკვირვებია მათი უარი.
მერე დავურეკე დუშეთის გამგებელს და ვუთხარი, ძალიან ტუტუცური საქციელი ჩაიდინეთ-მეთქი. უამრავმა ადამიანმა დამიწერა სოციალურ ქსელში, ამ ამბავზე რასაც ფიქრობდნენ. მწერდნენ, გვიყვარხარ და მხოლოდ დუშეთის კი არა, საქართველოს საპატიო მოქალაქე ხარო.
როგორც ჩანს, დუშელებმა დამასახელეს, მაგრამ მთავრობას რომ გააგებინეს, იმათ თქვეს უარი. დიმიტრი ხუნდაძემ დააჯილდოვა იქ ყველა. ქალაქის მერი გახლავთ კახა ჩიტაური, რომელიც გოდერძი ჩოხელის დისშვილია. ყველას გაუკვირდა, გოდერძი ჩოხელის დისშვილმა ასეთი შეცდომა როგორ დაუშვაო. გოდერძის ძალიან კარგად ვიცნობდი და დიდ პატივსაც მცემდა. ნათქვამიც აქვს ჩემთვის, შენნაირი მებრძოლი ჩვენი მხრის ადამიანი მიყვარსო.
არა უშავს, თუ შეეშალა. ყველა აქებს, კარგი ადამიანიაო… როგორც ჩანს, არ უნდოდა, ასე რომ მომხდარიყო და ხმა ვერ ამოიღო. მეტი გზა არ ჰქონდა, თორემ არ მგონია, ეს მისი სურვილი ყოფილიყო. ვაპატიებ, პატიება ყველაზე სწორია. ეს მისი მინუსია და არა _ ჩემი. რა ექნა, სამსახურს ხომ არ დატოვებდა ჩემი გულისთვის?! გოდერძი ისეთი იყო, იშვიათია მისი მსგავსი ვინმე, მაგრამ მისი ჯიშის რომ არის, ალბათ ცუდი არ იქნება.
_ ემოციურად მიიღეთ ეს ამბავი, განიცადეთ?
_ არ გამკვირვებია, რაც მოხდა. დუშელებს რომ ვუყვარვარ, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ არ გამკვირვებია, მტრები რომ მყავს. არც ჩემი დასახელება გამკვირვებია და არც ამ პოზიციის შეცვლა. გამოსვლები მქონდა არაბიზაციის წინააღმდეგ. საერთოდ, თუ რამე არასწორი ხდება, ხმამაღლა ვამბობ, რაც არ მოსწონს მთავრობას. მათ უნდათ, ველაქუცო. რომ ველაქუცო, ალბათ თბილისის საპატიო მოქალაქედაც ამირჩევენ!
მე ამით არაფერი დამკლებია. ისეთ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ ხალხისგან… საცობში რომ ვდგავარ, მძღოლები მანიშნებენ, რომ პატივს მცემენ. მირჩევნია, ხალხს ვუყვარდე, ვიდრე მთავრობას. მთავრობას არც მე ვყვარებივარ ოდესმე და არც მე მყვარებია მთავრობა. ჩერჩილმა თქვა, თუ მთავრობა და პოლიტიკოსი შეგიყვარდა, მიდი ფსიქიატრთანო. მე არ მჭირდება ფსიქიატრი, ჯანმრთელი ვარ! მთავრობას სჭირდება ფსიქიატრი, საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისები რომ არიან!
დუშეთში კომუნისტებმა დაანგრიეს ეკლესია და როცა აღადგინეს, ამისთვის ყველაზე დიდი თანხა მე მაქვს დადებული. 300 მანეთი ერთხელ დავდე და მერე _ 1000 ლარი.
ილიას ძეგლის აღდგენაზე განცხადება მანამდე შევიტანე, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. განცხადებაში დავწერე, რომ მე მინდოდა, ამ ძეგლისთვის თანხა გამეღო და აღმედგინა. ისეთ ძვირფასს ვერ გავაკეთებ, როგორიც ადრე იყო, ბრინჯაოსი გახლდათ და ბრინჯაო ძალიან ძვირია. რისი საშუალებაც მაქვს, აღვადგენ და, თუ ვინმემ მოინდომა, ძალიან ძვირფასი იყოს ილიას ძეგლი, მან გააკეთოს. მეგონა, ამაზეც უარს მეტყოდნენ. პასუხი დააგვიანეს, მაგრამ უარის თქმა ვეღარ გაბედეს. როგორც ჩანს, ხალხის რეაქცია ნახეს ჩემთან დაკავშირებით და უარი ვეღარ მითხრეს. გავაკეთებ ძეგლს და ყველას დაგპატიჟებთ, მოდით და ნახეთ, როგორს დავდგამთ და როგორ აღვნიშნავთ ამ ამბავს.
ილია ჭავჭავაძეს ჩემი სახლი უნდა გაევლო, სასამართლომდე რომ მისულიყო. 5 წელი დადიოდა ამ გზაზე, ამიტომაც არის ჩემთვის ეს სახლი და იქაურობა ძალიან ძვირფასი.
_ თქვენი ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე რა ხდება, რით ხართ დაკავებული?
_ სერიალში ვმონაწილეობ „მიხო და მარო“, პაატა გულიაშვილი რომ იღებს. სულ მაქვს შემოთავაზებები. ხან ეპიზოდურ როლში მიღებენ, ხან ფული არ აქვს რეჟისორს და მთხოვს, ისე მივიღო მონაწილეობა. აუცილებლად ვუწევ ანგარიშს. ბევრ ახალგაზრდასთან უფასოდ გადამიღია.
სერიალში რომ ჰონორარს მაძლევენ, იმ თანხით მინდა, გავაკეთო ჭავჭავაძის ძეგლი. არ მენანება ძვირფასი საქმისთვის, პირიქით, მიხარია!
ერთი არაჩვეულებრივი საქმეც მაქვს გაკეთებული _ უძვირფასესი ნივთი, ელინური ხანის ღვინის თასი, რომელიც ჩვენს სახლში ინახებოდა, ავიღე და მუზეუმს ვაჩუქე. იშვიათად თუ ვინმე აკეთებს იმას, რომ ძვირფასი ნივთი გაიმეტოს და ეროვნულ მუზეუმს აჩუქოს. პირიქით, იპარავენ და სახლში მიაქვთ, მე კი სახლიდან გავიტანე და ვაჩუქე ქვეყანას!
ძალიან დიდი ხნის წინ ბიძაჩემისთვის უჩუქებიათ. ვიცოდი, რომ ძვირფასი იყო, მაგრამ თუ ასეთი დიდი ხნის იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. წავიღე მუზეუმში და ვიკითხე, ქურდებს გადაურჩა და რა ნივთია-მეთქი. მითხრეს, ისეთი ძვირფასია, ვერც ვიყიდითო. ვუთხარი, რადგან ძვირფასია სახელმწიფოსთვის, გაჩუქებთ-მეთქი.
ჩემი ბიზნესიც მაქვს. ასე რომ, უსაქმური არ გახლავართ და არც არავის კისერზე არ ვარ. ვიღაცამ დამიწერა, ხომ კარგია, მთავრობისგან ფულს რომ იღებო. არც არავისგან მიმიღია დაუმსახურებლად ფული და არც ვაპირებ, ვინმეს ფული მივიღო.
_ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა ხელოვან ხალხს, თქვენც იყავით იმ სიაში?
_ არასოდეს ამიღია! არც მჭირდება. რაში მჭირდება, მე ნიჭიერი და მშრომელი ქალი ვარ! ქსოვაც ვიცოდი, კერვაც და სხვა ყველაფერიც! არ მჭირდება ვიღაცების დახმარება, რომ საჭმელი და სასმელი მქონდეს!
_ თქვენი თაობის კოლეგებთან ურთიერთობთ?
_ სადღაა ჩემი თაობა! ჩემი მეგობარი, სოფიკო ჭიაურელი, აღარ არის… ამირან ბუაძე, დათო დვალიშვილი, ნანული სარაჯიშვილი და ელისო გუდიაშვილი დამრჩნენ. მოგვენატრება ხოლმე ერთმანეთი და ვიკრიბებით. ძირითადად ჩემთან მოდიან. დათოც გვეპატიჟება თავისთან სახლში…
_ მისი შვილიშვილის ქორწილშიც იყავით?
_ არა, ახალგაზრდები იყვნენ მხოლოდ. ისე ვიკრიბებით ხოლმე დათოსთან სახლში. გავიხსენებთ ინსტიტუტის ამბებს და კარგ დროსაც ვატარებთ. სამწუხაროდ, ბევრი გამოგვაკლდა. ერთი მეგობარი, კურსელი, თემურ სულაშვილი, თელავში ცხოვრობს და ისიც გვეპატიჟება ხოლმე კახეთში. არ ვკარგავთ ერთმანეთს.
_ ლეიბორისტული პარტიის რიგებში კიდევ ხართ?
_ არც ლეიბორისტული და არც სხვა პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, ლიმიტი იყო, სტუდენტი რომ კომუნისტური პარტიის წევრი ყოფილიყო. შემომთავაზეს, როგორც საუკეთესო სტუდენტს. ლენინის სტიპენდიანტი გახლდით, წითელ დიპლომზე დავამთავრე ინსტიტუტი. უარი ვუთხარი, ჩემი ოჯახის წევრები არ ყოფილან რომელიმე პარტიის წევრები და არც მე ვიქნები ოდესმე-მეთქი.
შალვა ნათელაშვილი ჩემი მხრიდან არის. მან დამასახელა თბილისის მერობის კანდიდატად არა, როგორც პარტიის წევრი, არამედ, როგორც მისი სიმპათია და მისივე მხარის წარმომადგენელი. ნათელაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მისი პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ.
ადრე შემომთავაზა მიშა სააკაშვილის ხალხმა, ასლან აბაშიძის მხრიდანაც, მაგრამ სულ უარს ვამბობდი, რადგან მინდოდა, ის მელაპარაკა, რაც მე მსურდა და არა ის, რაც მათ. არასოდეს ვიტყვი იმას, რაც რომელიმე პარტიას სჭირდება, ჩემს სათქმელს ვამბობ!
_ ახლა რა გაქვთ სათქმელი?
_ ის, რომ ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა. დემოგრაფიული სურათია უმძიმესი! შემოჰყავთ და შემოჰყავთ უცხო ხალხი, იყიდება ქვეყანა! გაიყიდა ჩემი მხარე არაბებზე და უცხო ტომებზე! კრწანისში რაც ხდება, იმაზე მაქვს დიდი პროტესტი! დედაჩემის დიდი პაპა 300 არაგველთაგან ერთ-ერთია. იქ არის მისი ძვლები და ახლა იქ აშენებენ რაღაცებს. უნდათ, როგორც თბილისში აქვთ უამრავი კაზინო, იქაც ჰქონდეთ და გააუბედურონ მთელი საქართველო! ათას უბედურებას აკეთებენ იქ არაბები. ამას რომ ვამბობ, სწორედ იმიტომ მითხრეს დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე უარი. სიმართლე _ არა, მაგათ ლაქუცი უყვართ. ლაქუცა კი ჩემი ოჯახიდან აქამდე არავინ ყოფილა.
რეპრესირებული ოჯახიდან გახლავართ, პაპაჩემი 1939 წელს ვიღაცის დაბეზღებით დაიჭირეს. ტროლები რომ არიან ახლა, იმათ ვადარებ, 30-იან წლებში რომ დამსმენები იყვნენ.
მე კარგი შვილი და შვილიშვილი მყავს, ასევე, კარგი დისშვილები და დის შვილიშვილები. პოლიტიკაში არ ერევიან და არც მინდა, ჩაერიონ. ძმისშვილები მყავს გადასარევი მამაჩემის მხრიდან… მე ქვეყნის სიკეთე და ხალხის ჭკუაზე მოყვანა მინდა. „იმისტი“ ვარ, „ამისტი“ ვარო, რომ ამბობენ და ისე ლანძღავენ მეორე მხარეს, არც კითხულობენ არაფერს, ასე არ შეიძლება!
sarkenews ახალი ამბები