ასწლოვან ხეებს ჭრიან ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის ეზოში

2 hours ago 2

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ასწლოვან ხეებს ჭრიან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი. ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, რომ ხეებს ჭრიან ძველი სკოლის დანგრევის და ახლის მშენებლობის ფარგლებში და, რომ მათ შესაბამისი ნებართვა აქვთ. მუშები არ ამბობენ, რომელ კომპანიას წარმოადგენენ.

ხეების ჭრას აპროტესტებენ ადგილობრივები. სამოქალაქო აქტივისტის და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის, ნიკა გურინის თქმით, არავინ განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი

„მოსახლეობას წინასწარ უნდა გვცოდნოდა რატომ გახდა ხეების მოჭრა აუცილებელი. ახლა კი მინიმუმ უნდა მოვიდეს ვინმე პასუხისმგებელი და განმარტება გააკეთოს. არ მგონია, რომ ყველა ხე საფრთხეს ქმნიდა” - უთხრა რადიო თავისუფლებს ნიკა გურინმა.

რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ხეები სკოლის მშენებლობის ფარგლებში იჭრება.

“ახალი სკოლა უნდა აშენდეს , ყველა ნებართვა აქვს სამინისტროს. ხეები საფრთხეს ქმნიდა. პროექტში ყველაფერი გაწერილია, უკანონოდ არ იჭრება” - თქვა ქეთევან ჭიპაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ხეების მოჭრა გააპროტესტეს, მუშებმა მუშაობა შეაჩერეს და ადგილი დატოვეს.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, ვინ გასცა ხეების მოჭრის ნებართვა და რა გახდა ამის მიზეზი.

სრულად წაკითხვა