აუსრულეთ უკანასკნელი სურვილი დონარა გვრიტიშვილს

7 hours ago 4

თეატრისა და კინოს მსახიობს დონარა გვრიტიშვილს ერთადერთი სურვილი აქვს – სიკვდილის წინ 5 წლის უნახავ შვილს ჩაეხუტოს.

ხატია ხოსროშვილი:

“დღეს მინდა გთხოვოთ ყველას — მოქალაქეებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს და განსაკუთრებით იმ უწყებებს, ვისი კომპეტენციაცაა ადამიანის ელემენტარული სურვილის შესრულება — პატიმარს მისცეს უფლება, ბადრაგის თანხლებით ნახოს მომაკვდავი დედა.
ეს არ არის სენტიმენტებზე აგებული თხოვნა. ეს არის მიმართვა ადამიანობის სახელით.
ყველა კანონი, ინსტიტუცია და მექანიზმი ადამიანებისთვის და ადამიანების მიერაა შექმნილი — და თუ ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანობაა, მაშინ ახლა სწორედ ის წუთია, როცა ამ ღირებულების შემჩნევა და რეალიზება შეგვიძლია.

ბევრისათვის საყვარელი და ძვირფასი მსახიობი — დონარა გვრიტიშვილი უმძიმესი დიაგნოზით სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის. მისი ერთადერთი სურვილი და ძალა, რაც დღემდე აცოცხლებს, არის ბოლო შეხვედრა შვილთან — გიორგი ხოსროშვილთან, რომელიც უკვე მხოლოდ რამდენიმე კვირაში ასრულებს სასჯელს (5 ნოემბერს).
დონარას დრო აღარ აქვს — არც საათებით, არც დღეებით.
დაწერილია განცხადებები შესაბამის სტრუქტურებში, მაგრამ შეხვედრა ისევ სათუოა.
ეს შეხვედრა კი უბრალოდ “დამშვიდობება” არ არის — ეს არის ერთი დედისა და შვილის ადამიანური უფლება.
და ამ უფლების ადგილი კანონშიცაა და საზოგადოებაშიც.

მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ დონარა გვრიტიშვილის მდგომარეობა და მიიღოთ ადამიანური გადაწყვეტილება.

ვიწვევ საზოგადოებასაც, რომ ხმა მიაწვდინოთ გადაწყვეტილების მიმღებებს.

დონარა — ღირსეული ადამიანი და არტისტი — არ უნდა წავიდეს ამ სამყაროდან იმ ტკივილით, რომ ვერ ჩაიხუტა შვილი, რომელთან შეხვედრასაც ხუთი წელი ნატრობდა.

p.s. ფოტო, რა თქმა უნდა, ძველია.”

სრულად წაკითხვა