აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიб ბადრა გუნბა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ის წარდგენილია საორგანიზაციო ჯგუფის მიერ.
“ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის მივიდა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ბადრა გუნბას წარადგენს,” – განაცხადა დე ფაქტო კომისიის თანამშრომელმა რუსულ გამოცემა “TASS-თან” საუბრისას.
“ჩვენ მოვედით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ გამოგვეცხადებინა გუნბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ,” – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
TASS-ის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 2025 წლის თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, მაგრამ მისი გუნდი მონაწილეობას მიიღებს.
რუსული სააგენტოს წყარო ამბობს, რომ შესაძლოა კანდიდატად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა დასახელდეს.
14 დეკემბერს ბჟანიამ TASS-ს განუცხადა, რომ აპირებდა შეექმნა საკუთარი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა დე ფაქტო რესპუბლიკის 15 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. მან კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.
გარდა ამისა, დღეიდან, 17 დეკემბრიდან, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია და საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა იწყება. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი შესაძლო კანდიდატის ვინაობა – ოპოზიციონერი ადგურ არძინბა, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რობერტ არშბა.