ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრი და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. მას ბრალად „სამშობლოს ღალატი“ ედება იმ განცხადების გამო, რომელშიც აღნიშნა, რომ აფხაზეთში 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველები ტყვეებს არ იყვანდნენ, არამედ „ხვრეტდნენ“ მათ.
დაკავებამდე თითქმის ერთი ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მან „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბარამიძეს სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალი წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყება გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა (სამშობლოს ღალატი) და 318-ე (საბოტაჟი) მუხლებით აწარმოებს.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი“, – განაცხადა პროკურატურამ 11 სექტემბერს ბარამიძის დაკავების შემდეგ. „გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას“.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები