აფხაზეთის საელჩოს თანამშრომელი ევაკუირებულია დამასკოდან – TASS

6 days ago 9

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ “TASS-თან” განაცხადა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] საელჩო სირიაში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ელჩი მუჰამედ ალი ადგილზე იმყოფება, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 15 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური ძალების სპეციალურმა რეისმა ხმეიმიმის ავიაბაზიდან დამასკოში რუსეთის საგარეოს მისიის პერსონალის ნაწილი ჩკალოვსკის აეროპორტში გადაიყვანა. აღინიშნა ასევე ისიც, რომ “ევაკუირებული იყვნენ ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და აფხაზეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები. დამასკოში რუსეთის საელჩოს მუშაობა გრძელდება”.

“დიახ, აფხაზეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში და ბრუნდება აფხაზეთში. აფხაზეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას, ის გადავიდა ახალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. სირიის ელჩი აფხაზეთში, მუჰამედ ალი ადგილზეა, ყოველდღიურად კომუნიკაციაშია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,” – განაცხადა შამბამ

ნოემბრის ბოლოს, ანტისამთავრობო სირიულმა ჯგუფებმა, მათ შორის ისლამისტებმა, შეტევა წამოიწყეს სამთავრობო ჯარებზე. შეტევის დროს, 8 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგე ძალებმა მოახერხეს დამასკოს ოკუპაცია. ასადმა სირია დატოვა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ის რუსეთში იმყოფებოდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი ფრენის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.

სირიამ 2018 წელს აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 2020 წლიდან დამასკოში აფხაზეთის საელჩო გაიხსნა.

სრულად წაკითხვა