WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს „აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“.

2025 წლის სექტემბერში Chatroulette-ის პლატფორმაზე დარსალიას უკრაინელი ბლოგერი ანდრიი პოპიკი ესაუბრა და საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა.

რამდენიმე დღის წინ საუბრის ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე რეაგირება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა. უწყებამ დარსალიას ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საკუთარი განცხადებების გამო ბოდიშს იხდის.

რა თქვა დარსალიამ?

უკრაინელ ბლოგერს დარსალიამ უთხრა, რომ მეგრელია, მისი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ, მხოლოდ ბაბუა იყო „საქართველოდან“.

პოპიკმა უთხრა, რომ თავადაც აფხაზეთში დაიბადა, თუმცა ომის გამო იქიდან წასვლა მოუწია, როდესაც, მისი თქმით, „ქართველი ხალხის გენოციდი იყო“. დარსალიამ მას უპასუხა: „იყო ასეთი რამ, იყო“.

საუბრისას დარსალია უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა რუსეთის ხელისუფლებასა და ვლადიმირ პუტინს.

  • „***ზე მკიდია პუტინი, ეს ძალიან სერიოზული მაფიაა“
  • „პუტინს დედას მოვუ***ავდი, მართლა“
  • „მე ომის წინააღმდეგი ვარ, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგი ვარ“.
  • „ამ რუსებმა გაა***ნ, აქ ყველაფერს სამ წამში იყიდიან“.
  • „ყველა ადეკვატური რუსი რუსეთიდან წავიდა. ვინც დარჩა, ზოგს უბრალოდ წასვლის შესაძლებლობა არ აქვს“.

დარსალია ამბობდა, რომ რუსები აფხაზეთში ქონებას სწრაფად შეიძენენ და ამტკიცებდა, რომ რადგან რუსეთს უკრაინაში „არ გამოსდის“, ახლა აფხაზეთის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

„რუსეთი უყვართ, მაგრამ არ უნდათ, რომ ისინი აქ შემოვიდნენ. ჩამოდით, ფული დახარჯეთ, თქვენი ფული აქ დატოვეთ. აქ ყოველწლიურად რუსეთიდან ძალიან ბევრი ფული შემოდის... ძალიან დიდი თანხები. მაგრამ ზედა ეშელონები ყველაფერს ითვისებენ, მთელ ფულს“, - ამბობდა დარსალია.

აფხაზურ ტელეგრამ-არხებში ასევე წერენ, რომ დარსალიამ უკრაინელ ბლოგერს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დიახ, სახმელეთო ბაზაა გუდაუთაში. სოხუმშიც სახმელეთო ბაზაა. ოჩამჩირეში კი ახლა საზღვაო ფლოტს მოაწყობენ. შავი ზღვის ფლოტიდან კიდევ რამე დარჩა?.. მხოლოდ წყალქვეშა ნავები“, - თქვა დარსალიამ.

დარსალიას ბოდიში

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რომან დარსალია ამბობს, რომ უკრაინელ ბლოგერთან საუბრისას „გაუცნობიერებლად შეურაცხყო აფხაზი ხალხის გრძნობები“, რის გამოც „დიდ ბოდიშს“ იხდის.

„დიდ პატივს ვცემ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.

ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხის გენოციდი არ ყოფილა, პირიქით, ჩვენი აფხაზი ხალხის გენოციდი იყო. მე მას ეს ვუთხარი, მაგრამ მან დაამონტაჟა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი. გთხოვთ, როდესაც რომელიმე უკრაინელ ბლოგერს ესაუბრებით… უმჯობესია, საერთოდ არ დაელაპარაკოთ, რადგან დაამონტაჟებენ.

უარყოფითად გამოვთქვი აზრი რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი ხალხის მიმართ, რასაც ძალიან ვნანობ და გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მაპატიეთ“, - თქვა დარსალიამ.

რას ედავებიან დარსალიას?

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირი ეთერის დროს დარსალიამ „შეურაცხმყოფელი განცხადებები“ გააკეთა.

„კერძოდ, მან გააჟღერა ვერსია, თითქოს [ომის] პერიოდში აფხაზებმა „ქართველების გენოციდი მოაწყვეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დარსალიასთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში პერიოდულად აკავებენ ან ბოდიშს ახდევინებენ ადგილობრივებსა და ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს მხარდაჭერაში ან რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვაში ადანაშაულებენ. მათ შორის იყო 19 წლის ალიონა თანია, რომელმაც თქვა: „აფხაზეთი საქართველოა“; რუსეთის მოქალაქე ოთარ კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ „სამშობლოში 33 წლის შემდეგ დაბრუნდა“; ასევე ტურისტი, რომელიც გაგრაში საქართველოს დროშის გამოსახულებიანი ქუდით გამოჩნდა.