აფხაზეთში ე.წ. არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ცნება გაჩნდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა საიდ წვინარიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები შევა კანონში „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.
„იმ პირთა კატეგორიის მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულები არიან და სასჯელს იხდიან, იგეგმება ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება აფხაზეთში მათი ყოფნის არასასურველობის შესახებ, რაც რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს“.
მისივე თქმით, არსებობს პირთა კატეგორიაც, რომელთა მიმართ სასამართლოს ქვეყნის ფარგლებიდან ადმინისტრაციული გაძევების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
„ყველა ეს პირი მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი. როდესაც ადამიანი საზღვარს კვეთს, პასპორტის სკანირებისას ჩვენი პროგრამული სისტემა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაძევების შესახებ შეტყობინებას აჩვენებს“, – აღნიშნა წვინარიამ.
netgazeti