აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება ახორციელებს ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს პარლამენტში სროლაში ეჭვმიტანილის, ადგურ ხარაზიას ადგილმდებარეობის დადგენისა და დაკავების მიზნით.
დე ფაქტო შსს-ს ცნობით, გამოცხადდა დამნაშავის დაჭერის გეგმა. გაძლიერდა ფსოუ-ენგურის გზატკეცილზე საგზაო პოლიციის პუნქტები და კონტროლდება სასაზღვრო ზონებიც.
“გამოცხადდა დაჭერის გეგმა და შემუშავდა მისი გადაადგილების შესაძლო მარშრუტები. სოფელ ბაღმარანში, საცხოვრებელ ადგილზე, იპოვეს მისი (ხარაზიას ) მანქანა, სახლში არავინ არის, გადაკეტილი გვაქვს ყველა გასაქცევი გზა და ვაწარმოებთ ყველა საჭირო ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,”- განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რობერტ კიუტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
19 დეკემბერს, სოხუმის დე ფაქტო პარლამენტთან სროლა იყო. ტყვია დეპუტატებს ვახტანგ გოლანძიასა და კან კვარჩიას მოხვდათ. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. დეპუტატი კან კვარჩია ხელის არეშია დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ამავე დღეს დე ფაქტო პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
“შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. გარდაცვლილმა ვახტანგ გოლანძიამ მათი გაშველება სცადა”, – წერს ტელეგრამ არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგურ ხარაზია ადგილიდან მიიმალა.