რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებზე 11 უბანია შექმნილი. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ხმის მიცემა 18, 19 და 20 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ე.წ. რუსეთის ელჩმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმის მიცემას ამ სამი დღიდან ნებისმიერ დღეს შეძლებენ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მე-9 მოწვევის არჩევნები 20 სექტემბერს ტარდება. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ პარტიული სიებისთვის მისაცემ ბიულეტენს იღებენ.
აფხაზეთში კენჭისყრა 20 სექტემბერს გაიმართება. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების რაოდენობა 35-დან 50-მდე გაიზარდა.
რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება აქვთ როგორც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ, ისე დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს. წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის მცხოვრებლებს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებასაც აკისრებს. მისი თქმით, რუსეთის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აფხაზეთთან, ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიიღება.
აშუბამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის კურსი აფხაზეთის აღიარებისა და მხარდაჭერის მიმართულებით უცვლელია და აღნიშნა რუსეთის როლი აფხაზეთისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბანნიკოვმაც. მისი თქმით, აფხაზეთში დაახლოებით 120 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. ბანნიკოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სათათბიროში მიიღება კანონები, რომლებიც აფხაზეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის სოციალურ პროგრამებს, განათლებასა და სხვა სფეროებს ეხება.
არჩევნებისთვის აფხაზეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 უბანზე 300-ზე მეტი პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმის (СОБР) ოთხი ეკიპაჟი იმუშავებს. 19-დან 21 სექტემბრამდე დე ფაქტო შსს გაძლიერებულ რეჟიმზე გადავა. აფხაზური მხარის ცნობითვე, ყველა უბანს კენჭისყრამდე კინოლოგიური და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის ჯგუფები შეამოწმებენ, რის შემდეგაც ისინი 24-საათიან დაცვაზე გადავა.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ ბიულეტენებსა და საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებს რუსეთის საელჩომდე მიაცილებენ. აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპერატიული შტაბი შეიქმნა.
netgazeti