კომპანია “ჩერნომორენერგოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმურ ჯინჯოლიამ ენერგოუსაფრთხოების შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება, შეზღუდვების გათვალისწინებით, შესაძლოა საკმარისი 18 თებერვლამდე იყოს.
ჯინჯოლიამ აღნიშნა, რომ შემდგომი ვითარება დამოკიდებულია ენერგიის მოხმარების დონესა და ამინდის პირობებზე. გარდა ამისა, მან ისაუბრა აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გააქტიურებაზე და ხაზი გაუსვა ამ აქტივობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობას. მისი თქმით, მაინინგი დღეში დაახლოებით 500 ათას კვტ/სთ ენერგიას მოიხმარს.
“სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ყველა კარზე უნდა დავაკაკუნოთ, შევიდეთ და დენი გამოვრთოთ,” – განაცხადა ჯინჯოლიამ.
23 დეკემბერს, რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო. მოსკოვმა დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას თხოვნა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
მაშინ ცნობილი გახდა, რომ მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კვტ/სთ იყო. “ჩერნომორენერგომ” განაცხადა, რომ ეს მოცულობა შესაძლოა იყოს საკმარისი იანვრისა და თებერვლისთვის.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში არ ყოფილა.