"ეს არის პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა, რომ სამომავლოდ არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას რუსული გავლენისგან... როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის პრინციპზე და პოლიციაზე, შეხედეთ მათ, რომლებიც აქ მოდიან და ამბობენ არაფერი დაგვინახავსო, გადაახვიეთ და ნახეთ, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ მოქალაქეებს...
ისინი, ვინც ძალადობენ მოქალაქეებზე, პოლიციელები არ არიან, ისინი არიან ამორალური ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას, იმსახურებენ ციხეში ყოფნას. აქ კი თქვენ გელოდებათ 11 უდანაშაულო ადამიანი...
როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც ზის პოლიციელი, რომელიც აზიანებდა მოქალაქეებს, შეიძლება თქვენს მეგობრებსაც, მინახავს სასამართლოს თანამშრომლები იქ, აქციაზე და თუ ამ ადამიანებს გაამტყუნებთ, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით", - ასე დაასრულა ჩომახაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა და მოსამართლეს შეახსენა, რომ საქმეზე ის წყვეტს 11 ოჯახის, მათ შორის ტერიშვილის ხანშიშესული დედის ბედს.
გიორგი ტერიშვილის დედამ უფროსი ვაჟი, მამუკა ტერიშვილი, 1992 წლის 2 თებერვალს დაკარგა - სტუდენტი, რომელიც აქციას დროშით მიუძღოდა, თბილისში დემონსტრაციის დახვრეტისას მხედრიონელების ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ირაკლი ჩომახაშვილმა თავის სიტყვაში ვრცლად და დეტალურად განიხილა ის ბრალდება, რომელსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულებს უყენებს და შეეცადა სასამართლოსთვის სკრუპულოზური განმარტებებით ეჩვენებინა, როგორ არ არის ამ საქმეში ამ ბრალდების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება და არგუმენტი.
"თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.
თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. გიორგი ტერიშვილის ბრალის დადასტურების მიზნებისთვის აუცილებელია, განვასხვაოთ გიორგი ადგილზე იმყოფებოდა სპონტანურად, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე თუ ბრალდებამ დაადასტურა, რომ ასრულებდა ვინმეს მითითებას და მონაწილეობას იღებდა არარსებულ ორგანიზებულ დანაშაულში", - თქვა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ორგანიზებული დანაშაულისთვის მნიშვნელოვანია, ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებდეთ ნაცნობობა, იკვეთებოდეს მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი და ეს ხდებოდეს ვინმეს მითითებით. არცერთი ეს გარემოება ამ საქმეში არ ჩანს, მეტიც, ადვოკატის მტკიცებით, საქმეში ჩანს გამომძიებელთა გულგრილად შესრულებული სამუშაო, რომ ისინი არც კი დაინტერესებულან შესაბამისი მტკიცებულებების მოძებნით ტერიშვილის მობილურ ტელეფონში, არ შეუსწავლიათ მისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში და არ მოუტანიათ არანაირი სამხილი იმის სამტკიცებლად, რომ ის სხვებთან ერთად და კოორდინირებულად მოქმედებდა.
ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში დეტალურად გაიხსენა ყველა იმ მოწმის ჩვენება, რომლებიც სასამართლომ ამ საქმის ფარგლებში დაკითხა:
- გიორგი ზაბახიძემ განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კონკრეტულად ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა დროსაც მოხვდა დიდი ზომის ქვა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და დაადეს ოთხი ნაკერი. გიორგი ზაბახიძემ განმარტა, რომ არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- გიორგი ჯანიკაშვილმა განმარტა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კონკრეტულად 9 აპრილის ქუჩაზე, რა დროსაც, მისივე განმარტებით, მოხვდა ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- გურამ კვირიკაშვილმა განმარტა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს ღამის საათებში იმყოფებოდა აქციაზე, კერძოდ, 2024 წლის 1-ლი დეკემბრის დაახლოებით 01:30 საათისკენ იდგა რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მის ახლოს აფეთქდა პიროტექნიკა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ილია ქვათაძემ განმარტა, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კერძოდ, რუსთაველისა და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთის მხარეს. მისივე თქმით, მოხვდა ქვა, რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- დავით ზეგარდელმა განმარტა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რა დროსაც მოხვდა ნასროლი ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ნუგზარ მირიანაშვილმა განმარტა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე. დაახლოებით 2024 წლის 1 დეკემბერს, 02:00 საათზე მიიღო დაზიანება პიროტექნიკით. მისივე თქმით, იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე თქვა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- კახა ონიანმა განმარტა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე. დაახლოებით 22:00-23:00 საათის პერიოდში აქციის მონაწილემ ესროლა ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- გრიგოლ ჭანტურიძემ განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მოხვდა დიდი ზომის ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ლაშა გელაშვილმა განმარტა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ეზოში, ჭიშკრის მხარეს, რა დროსაც მოქალაქის მხრიდან ნასროლი ქვის შედეგად ფეხი გადაუბრუნდა და იღრძო. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე თქვა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- გიორგი გობრონიძემ განმარტა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე, რა დროსაც პიროტექნიკისგან მიადგა ძლიერი დამწვრობა. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ნიკოლოზ ხურცილავამ განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა დროსაც მოხვდა აქციის მონაწილისგან ნასროლი დიდი ზომის ქვა და დაუზიანდა ჯანმრთელობა. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე განმარტა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ლაშა ბუიღლიშვილმა განმარტა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე, რა დროსაც ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილისგან ნასროლი ქვა მოხვდა და მიიღო დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე თქვა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- საბა ნაბახტეველმა განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე, რა დროსაც ჭიჭინაძის ქუჩაზე მიიღო დაზიანება, კერძოდ, მოხვდა ქვის ფილა. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე თქვა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
- ივანე კაპანაძემ განმარტა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოხვდა ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან ნასროლი ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. არ იცის, ვინ ესროლა ქვა და ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც ზიანი მიაყენა. მანვე თქვა, რომ არ იცნობს გიორგი ტერიშვილს და სხვა პატიმრებს.
"გიორგი ზაბახიძე, გიორგი ჯანიკაშვილი, ილია ქვათაძე, ნუგზარ მირიანაშვილი, გრიგოლ ჭანტურიძე, გიორგი გობრონიძე, ნიკოლოზ ხურცილავა და საბა ნაბახტეველი საერთოდ არ იმყოფებოდნენ 2024 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე ან ზოგი იმყოფებოდა, მაგრამ დაზიანება არ მიუღია. შესაბამისად, გიორგი ტერიშვილი ასტროლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე ვერც საფრთხეს შეუქმნიდა და ვერც დააზიანებდა წარმოდგენილ მოწმეებს.
რაც შეეხება გურამ კვირიკაშვილს, მან განმარტა, რომ იგი 2024 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას იდგა ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ რუსთაველზე, რა დროსაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიადგა დაზიანება.
გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა პიროტექნიკის. შესაბამისად, ადგილი და ფორმა არ ემთხვევა.
დავით ზეგარდელი 2024 წლის 1 დეკემბერს, საღამოს საათებში იდგა პარლამენტის შენობის წინ, მოხვდა ქვა და მიადგა ზიანი. გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა ქვას. შესაბამისად, ადგილი დრო და ფორმა არ ემთხვევა.
ნუგზარ მირიანაშვილი იდგა 2024 წლის 1 დეკემბერს, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის წინ და ქვა მოხვდა. გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა ქვას. შესაბამისად, ადგილი და ფორმა არ ემთხვევა.
კახა ონიანი 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, დაახლოებით 22:00-23:00 საათის პერიოდში აქციის მონაწილემ ესროლა ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე გამთენიისას და არა საღამოს და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა ქვას. შესაბამისად, ადგილი, დრო და ფორმა არ ემთხვევა.
ლაშა ბუიღლიშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე, რა დროსაც ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილისგან ნასროლი ქვა მოხვდა და მიიღო დაზიანება. გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე გამთენიისას და არა საღამოს და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა ქვას. შესაბამისად, ადგილი, დრო და ფორმა არ ემთხვევა.
ივანე კაპანაძე 2024 წლის 1 დეკემბერს, საღამოს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოხვდა ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან ნასროლი ქვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. გიორგი ტერიშვილი იდგა ინგოროყვასა და ჭიჭინაძის კვეთაზე გამთენიისას და არა საღამოს და მას ედავებიან მოგრძო და მასიური საგნის სროლას და არა ქვას. შესაბამისად, ადგილი, დრო და ფორმა არ ემთხვევა.
ფაქტობრივად ჩვენ ვნახეთ თოთხმეტი დაზარალებული მოწმის ჩვენება, არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ მოხვდა მოგრძო, მასიური საგანი.
თოთხმეტი მოწმიდან შვიდი მოწმე 2024 წლის 1 დეკემბერს არ დაზიანებულა, დანარჩენი შვიდი მოწმიდან მხოლოდ ორი იმყოფებოდა 2024 წლის 1 დეკემბერს გამთენიისას, დანარჩენი ხუთი - საღამოს.
დარჩენილი ორი მოწმიდან, არცერთი არ იმყოფებოდა ინგოროყვას ქუჩაზე.
შესაბამისად, თუ ჩვენ გიორგი ტერიშვილს ვედავებით, რომ შესაძლოა დაეზიანებინა ან საფრთხე შეექმნა რომელიმე პოლიციელისთვის, იმ პირობებში, როცა არც ორგანიზებულობა დავადგინეთ, არც ნასროლი საგნის ფორმა, წონა და მახასიათებლები და არც მოწმე მოვიყვანეთ, რომელიც დაზიანდა ამ ქუჩაზე ამ დროს და ამ დღეს, მაშინ ვის შეუქმნა საფრთხე?" - თქვა ადვოკატმა 20 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე.