11 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო დიდი მანიფესტაცია გავმართოთ – ცუცქირიძე

2 weeks ago 15

11 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია გაიმართება.

მანიფესტაცია დღეს, 2 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააანონსა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ. სწორედ ცუცქირიძეა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

“მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია, ჩაინიშნეთ კალენდრებში […]

შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ. 11 მაისამდე ყველამ ავიღოთ ეს დავალება, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად”, – მიმართა მან შეკრებილ მოქალაქეებს.

უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა დღეს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანია შეკრებილი.

სრულად წაკითხვა