აქციაზე დაშავებული ერთი ახალგაზრდა რეანიმაციაშია, მეორეს – თავლის ოპერაცია ჩაუტარდა

2 weeks ago 8

3 დეკემბრის აქციაზე სპეცრაზმელების მიერ დაშავებული მოქალაქეებიდან ერთი ამ დრომდე რეანიმაციაშია, ერთ-ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა თვალზე. ეს უკანასკნელი მთარგმნელი დათა ხარაიშვილია. სულაკაურის გამომცემლობის ინფორმაციით, მას აქვს თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია, გავრცელებული ინფორმაციით, მას თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა.

“21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალ-ბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიურ დაზიანებებით, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით. თვალის კალების მთლიანობა, ამ მომენტისათვის, დაზიანების გარეშე შენახულია. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა”, – ამბობს ინგოროყვას კლინიკის ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას.

კლინიკაში იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც.

“მე ვნახე ადამიანები, რომლებიც არიან პალატებში და მითხრეს, რომ ერთი ადამიანი არის რეანიმაციაში. სამწუხაროდ, 80% ამ ადამიანების [დაკავებულების] არიან ნაცემები. ისინი მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე […] ადამიანი შეიძლება დააკავო და უნდა დააკავო, თუ არღვევს კანონს, ოღონდ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს მის ცემას, თავში რტყმას, რაც არის დანაშაული. ვინც ამას აკეთებს კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა კლინიკის დატოვების შემდეგ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2-3 დეკემბრის აქციიდან კლინიკებში სულ 26 მოქალაქე გადაიყვანეს. მათგან 23 აქციის მონაწილეა 3 კი – პოლიციელი.

“დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის – აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია”, – აცხადებენ უწყებაში.

სრულად წაკითხვა