აქციაზე ნაცემი მოქალაქეები სასამართლომ აქეთ დააჯარიმა

2 weeks ago 14

საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები, ირაკლი წულაია და ირაკლი დიასამიძე, რომლებიც ამბობენ, რომ სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ წულაიას 3000-ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო დიასამიძეს, რომელსაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმანი ხულიგნობასაც ედავებოდა – 4500 ლარით.

წულაია და დიასამიძე 28 ნოემბრის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას დააკავეს. ამის მიუხედავად მათი საქმე სასამართლომ ერთად განიხილა. ადვოკატები განმარტავენ, რომ როგორც შსს-ს, ისე სასამართლოს პრაქტიკა აქციაზე დაკავებულების მიმართ არის ერთნაირი – შაბლონური და მსგავსი ბრალდებები და გადაწყვეტილებები, ინდივიდუალური მიდგომის გარეშე.

ირაკლი დიასამიძე სხდომას არ დასწრებია. ის ამბობს, რომ არ ენდობა სასამართლოს და ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. გარდა ამისა, სხდომა 41-ე დარბაზში ჩაინიშნა, რაც მან დაცინვად მიიღო [“ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი არის 41].

დიასამიძე ამბობს, რომ სამსახურის შემდეგ აქციაზე მარტო წავიდა. დააკავეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 2 საათზე.

“შაშხანები გადმოაგდეს. ერთი გადავისროლე უკან. მეორეზე ყურადღება გამეფანტა და დამაკავეს. ჩემს გვერდით მანდილოსანი იდგა დროშით. ვეხვეწებოდი, ამათ არაფერი არ აქვთ, არც ტვინი და არც არაფერი, დროშას გადაუვლიან-მეთქი და მაგ დროს დამაკავეს. 3-4 იყვნენ დაკავების დროს. მერე უკვე, ვისაც არ ეზარებოდა,  უგულო და გაბოროტებულები, ყველა გვირტყამდა. დაზიანებები მაქვს ფეხებზეც, თავში, სახეზეც. კლინიკაზე გადაყვანა შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ იქ ადამიანები –  ჟურნალისტები, ასაკოვანი ხალხი და მომერიდა”, – ამბობს მოქალაქე.

ირაკლი დიასამიძის ინტერესებს “უფლებები საქართველოს” იურისტი, ეკა კობესაშვილი იცავს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები ირაკლი დიასამიძის სამართალდარღვევის დასადასტურებლად. თუმცა, მოსამართლემ მაინც გაიზიარა უწყების პოზიცია და მოქალაქე დააჯარიმა.

“მოსამართლე არ ინტერესდება კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით. აქ არ ხდება ინდივიდუალურად საქმეების განხილვა. ხდება ძირითადი ტენდენციების განხილვა […] სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომლებიც არ იყო ერთმანეთთან შესაბამისობაში, არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

სამწუხარო ტენდენციაა ისიც, რომ სასამართლო არ იღებს არანაირ მტკიცებულებას დაკავების თაობაზე, იმის თაობაზე რომ ეს ადამიანები გახდნენ ძალადობის მსხვერპლები. მას [მოსამართლეს] დარბაზში უზის დაშავებული ადამიანი ხილული დაზიანებით და იმასაც კი არ იკვლევს, სად მიიღეს ეს დაზიანებები. სასამართლო განმარტავს, რომ მას ეს არ აინტერესებს”, – განაცხადა ეკა კობესაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი წულაიას, ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემის ყოფილ ავტორს, ის ამბობს, რომ აქციაზე რამდენიმე წუთის მისული იყო, როცა სპეცრაზმელებმა ჯერ ის, შემდეგ კი მისი ძმა სცემეს და დააკავეს. გარდა ამისა, მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა.

“დამაკავეს ცისფერ გალერეასა და 1-ელ სკოლას შორის. იდგნენ სპეცრაზმელები. წინ დავუდექი და ვუთხარი, ეს ჩემი სკოლაა, რუსებმა ქართველების ხელით დაწვეს და ახლა თქვენი ხელით აპირებენ გაუსწორდნენ ქართველ ხალხს და გთხოვთ, არ გააკეთოთ-მეთქი. ამის შემდეგ დამაკავეს. 10-მა სპეცრაზმელმა მირტყა, მერე ჩემი ძმაც სცემეს. ავტობუსში ჩაგვსვეს და იქაც გვირტყეს. გვირტყამდნენ ხელებს ფეხებს, სახეზე და ტანზეც მაქვს დაბეჟილობები.

არ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები. მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება. სახლახო დამცველის წარმომადგენელსაც მივეცი ჩვენება და დღეს მივდივარ სპეციალურ საგამოძიბეო სამსახურში. თუმცა, იმედი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ეს ინსტიტუტი ხელისფლების კონტროლქვეშაა და არ არსებობს ინსტანცია, არ არსებობს ინსტიტუტი, სადაც სისტემაზე დაჯახების შემთხვევაში შეიძლება სამართალი იპოვო ამ ქვეყანაში”, – ამბობს ირაკლი წულაია.

წულაიას ინტერესებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) იურისტი, გიორგი ტაბატაძე იცავს. მისი თქმით, ეს პროცესიც იყო იმის დადასტურება, რომ სასამართლო ფინანსური რეპრესიებით ცდილობს მოქალაქეთა დაშინებას.

“მე მტკიცებულების წარდგენის უფლებაც კი არ მომხცა მოსამართლემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა ვიდეო-მასალა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც იყო ასახული. მხოლოდ ზოგადი კადრები იყო. ის დაუშვა და ჩემ მიერ წარდგენილი ვიდეო-მასალა, სადაც ზუსტად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დროსაა აღწერილი [მოვლენებუ], მათ შორის პერიმეტრზე არსებულ ვითარებას ასახავდა და ჩანდა, რომ გაფრთხილებაც [დაშლის მოწოდება] კი არ ისმოდა, არ დაუშვა, არ დააინტერესა. შსს-ს წარმოდგენილი კადრები 12:00  საათზე იყო გადაღებული და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს 03:15-ზე. ამ დროში იქ მოხდა ძალიან ბევრი მოვლენა. ეს არის თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევა, რაც ცალსახად ადასტურებს მოსამართლის მიკერძოებას”, – განმარტავს გიორგი ტაბატაძე.

სრულად წაკითხვა