აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

3 hours ago 1

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების მონაწილე კიდევ ერთი მოქალაქე, არჩილ მუსელიანცი. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

არჩილ მუსელიანცს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით. პროკურატურა მას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული ათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თუმცა, მუსელიანცი ბრალს არ აღირებს. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი მოითხოვდა მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ. თუმცა, მოსამართლემ გაიზიარა პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის პოზიცია ბრალდებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სავარაუდო რისკებზე და მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა თებერვალში დაიწყება.

ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილი “ნეტგაზეთს” უყვებოდა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვარდიაშვილის თქმით, მას აიძულებდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დაებრალებინა იმ დანაშაულის წახალისება ან დავალება, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა აბრალებდნენ რომ ჩაიდინა.

“როდესაც აიყვანეს, დიღმის მე-3 იზოლატორში, მე-8 სართულზე, აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. სთხოვდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ. იქ ცემა არ ყოფილა, ცემა მანამდე იყო. იქ ხელი არავის არ დაუდია, მაგრამ რომ არ გავტყდი და არ ავიღე ჩემს თავზე ის სისულელე, რასაც მთხოვდნენო, მერე უკვე ოჯახით დამემუქრნენო.

ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი”, – ამბობს დიმიტრი ვარდიშვილი.

მისი თქმით, მუსელიანცი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატი მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა და როცა მიაკვლია ერთ-ერთ იზოლატორში, უკვე სისხლის სამართლის წესით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.

არჩილ მუსელიანცი ამბობს, რომ იზოლატორში გატარებული რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას.

სრულად წაკითხვა