აქციებზე დაკავებულ 17  და 21 წლის პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

2 weeks ago 8

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17  და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით,  მიმდინარე აქციების ფარგლებში, „ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა [2003 წელს დაბადებულმა] გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, [2007 წელს დაბადებულმა] მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.
ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს განცხადებით, 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. მათი ცნობით,  დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

გარდა ამისა, შსს ინფორმაციას ავრცელებს ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულია პირების შესახებ. მათი ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი.

„დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა;
34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება“, – აცხადებს შსს.

სრულად წაკითხვა