თბილისის აქციებზე უკანონოდ დაკავებული ანატოლი გიგაურის ოჯახს მოქალაქეები მოსავლის გაყიდვაში დაეხმარნენ. ანატოლი ქარელიდან არის. ის და მისი ოჯახი თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს.
მას შემდეგ, რაც გიგაურს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. პროდუქტი კი, რომელიც სოფლის მეურნეობიდან აიღო უფუჭდებოდა და სწორედ, ამიტომ დახმარება ციხიდან ითხოვა.
მის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა და ანატოლის ოჯახის დახმარება საზოგადოებას სთხოვა. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, ორ დღეში შეიქმნა მოხალისეების ჯგუფი და ქარელში ჩავიდა.
“ჩენ ახლა ვართ ანატოლის სახლში. მოხალისეებმა, რომლებმაც ამ ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს ალაგებენ კარტოფილს ვაშლს და მიაქვთ თბილისში გასაყიდად. მათ თავადვე მონახეს ადამიანები, ვინც ჩაიბარებს პროდუქტს, ჩამოიტანეს ტომრები, დააფასოვეს. ვისაც ამ ოჯახის დახმარება უნდა შეუძლია მოაკითხონ და ადგილიდან წაიღოს ვაშლი და კარტოფილი”, – ამბობს ჟორჟოლიანი.
ინფორმაციისთვის, ანატოლი გიგაური თბილისში, საპროტესტო აქციების დროს, 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.