აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება - ისინი ოპერის თეატრიდან, თითქმის რესპუბლიკის მოედნამდე დგანან.
თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, ცისფერ გალერეამდე ტერიტორია სპეცრაზმს უკავია. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა. სპეცრაზმელები, პერიოდულად, მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისვრიან.
აქციის მონაწილეების მეორე ნაწილი სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედანთან მსვლელობით მივიდა. მათ ადგილზე სპეცრაზმი კორდონი დახვდათ, შესაბამისად, აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.
2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.
მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით, 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.
პოლიცია თავისუფლების მოედნიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა და აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაიყვანა.
პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა. ისინი ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც განლაგდნენ.
პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის. პერიოდულად, ისვრიან გაზის კაფსულებსაც.
შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.