შსს განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აქციის მონაწილეებმა სახანძროს, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდა, იძულებით დააცლევინეს წყალი:
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.
საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე “ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.
ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას.
ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან”