აშშ-ის არმიამ დაასრულა საზღვაო მოძრაობის ბლოკადა, რომელიც დაწესებული იყო ირანის პორტებში და სანაპირო არეალებში შემავალი და იქიდან გამომავალი ხომალდებისთვის - ამ ცნობას პლატფორმაზე X ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM).
"დღეს აშშ-ის ძალებმა მოხსნეს ბლოკადა მთელ საზღვაო მოძრაობაზე, რომელიც ირანის პორტებსა და სანაპირო არეალებში შედის და იქიდან გამოდის, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად" - წერია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო ბლოკადის ყველა ძალისხმევა დასრულებულია.
CENTCOM-ი დასძენს, რომ აშშ-ის საზღვაო ხომალდები რეგიონში რჩება, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების პირობების აღსრულებას.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ბოლო დღე-ღამეში ჰორმუზის სრუტეზე გაიარა 12,5 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობმა - ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ირანის ძალები უკვე ორი ღამის განმავლობაში არ ახორციელებენ სრუტეში ხომალდებზე თავდასხმებს.
ვენსი ასევე ამბობს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ოფიციალურად დაიწყო 60-დღიანი პერიოდი მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც საბოლოო ხელშეკრულება უნდა შეათანხმონ.
მემორანდუმი მხარეებმა გააფორმეს 17 ივნისის ღამეს. დოკუმენტი ითვალისწინებს კონფლიქტის დასრულებას, ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენას და შემდგომი მოლაპარაკებების გამრთვას ორ მხარეს შორის საკამათო საკითხების გარშემო.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·