აშშ-მა და ევროკავშირმა 25 დეკემბერს დაგმეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკური სერბების გეგმები, რომელთა მიზანია დაიბლოკოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.
ქვეყნის სერბთა მიერ მართული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას დეპუტატებმა 24 დეკემბერს, გვიან საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებში სერბთა წარმომადგენლებს დაავალეს დაბლოკონ გადაწყვეტილებების მიღების ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ამის პასუხად აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის საელჩოებმა და ბოსნიაში ევროკავშირის დელეგაციამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს სერბთა პარლამენტის მოქმედება და მას უწოდეს "სერიოზული საფრთხე ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისთვის".
"მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ოფიციალური გახსნა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს, პოლიტიკურ ბლოკირებებთან დაბრუნებას ექნება უარყოფითი შედეგები ყველა მოქალაქისთვის, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას" - წერია განცხადებაში.
რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტმა ეს ნაბიჯები გამოაცხადა პასუხად რეგიონული ლიდერის, მილორად დოდიკის სასამართლოზე - მას აშშ-ის და ბრიტანეთის სანქციები დაეკისრა ქმედებებისთვის, რომლებიც, დასავლეთის მთავრობების ვარაუდით, მიმართულია რეპუბლიკა სრპსკას საბოლოო გამოყოფისკენ ბოსნია-ჰერცეგოვინისგან.
დოდიკს ასამართლებენ ბრალდებებით, რომ ის არ დამორჩილდა ბოსნიაში უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებებს. მას ხუთ წლამდე ემუქრება პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემტხვევაში დოდიკს პოლიტიკაში მონაწილეობაც აეკრძალება.
ეთნიკურად სერბი დეპუტატები აცხადებენ, რომ დოდიკის სასამართლო პოლიტიკურია და ეფუძნება საერთაშორისო უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის უკანონო გადაწყვეტილებებს. ეთნიკური სერბების განცხადებით, სასამართლო არაკონსტიტუციურია, რადგან ის შმიდტმა შექმნა და არა დეიტონის ხელშეკრულებამ.
დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა 1992-95 წლების ბოსნიის ომი. მას შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს - მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკე ხორვატებს.
დოდიკს, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აქვს გაკეთებული მისი ერთეულის ადგილზე ბოსნიაში.
დოდიკი უარყოფს სეპარატისტული პოლიტიკის გატარებას, ან კითხვის დასმას ბოსნიის სუვერენულობისთვის თუ ტერიტორიული მთლიანობისთვის.
თუმცა, დოდიკს ნათქვამი აქვს, რომ რეპუბლიკა სრპსკას "აქვს პოლიტიკური ბრძოლის უფლება მისი სტატუსისთვის" დეიტონის ხელშეკრულების ფარგლებში.
დოდიკი ხშირად გამოდის რეპუბლიკა სრპსკას ბოსნიისგან "დისასოციაციის" მოწოდებით - რაც, ვაშიგტონის თქმით, არის "გამოყოფის სხვა სახელი".