ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი 21 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა, სადაც „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა, იტყობინება სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს“.
საუბარი ასევე შეეხო „რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს“, ქართველი და ამერიკელი სამხედროების „მრავალწლიან ერთობლივ კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში“, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს, აღნიშნა სამინისტრომ.
ვიზიტის ფარგლებში, ლუმისი ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, პაატა პატიაშვილს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძეს. სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა „ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“.
შეხვედრებს, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი.
მანამდე, 14-16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები.
This post is also available in:
civil ახალი ამბები