აშშ-ის სანქციების გამო, Lukoil-ი საერთაშორისო აქტივებს გაყიდის

11 hours ago 2

51

სიდიდით მეორე რუსულმა ნავთობკომპანია Lukoil-მა დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში თავის საერთაშორისო აქტივებს სრულად გაყიდის – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. Lukoil-ს აშშ-მა ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა, ხოლო მის საერთაშორისო აქტივებზე სანქციების ამოქმედების ვადად 21 ნოემბერი განისაზღვრა. ამ თარიღის შემდეგ რუსეთს გარეთ Lukoil-ის ვერცერთი შვილობილი, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებს.

გასულ კვირებში რუსულ ნავთობ გიგანტებს სანქციები არამარტო აშშ-მ, არამედ დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა, თუმცა Lukoil-ისა და Rosneft-ისთვის უმძიმესი მაინც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

როგორც Lukoil-ში განმარტავენ, საერთაშორისო აქტივების გაყიდვა ამერიკის უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ, სპეციალური ნებართვით განხორციელდება, კომპანია კი აქტივებიდან გამომუშავებული მოგების მიღებას მხოლოდ ამ ხანმოკლე, სატრანსფერო პერიოდში შეძლებს.

Lukoil-ის 100%-ის საკუთრებაშია “ლუკოილ ჯორჯიაც”, რომლის პრესსამსახურშიც კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, Lukoil-ის გლობალურ პორტფოლიოში შედის ერაყის West Qurna 2-ის ნავთობის საბადოს 75%-იანი წილი, ასევე ნავთობგადასამუშავებელი მსხვილი ობიექტი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში. ამასთან, ნავთობით ვაწრობის უამრავი ქსელი და ლოგისტიკური ცენტრები ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. ანალიტიკოსების შეფასებით, Lukoil-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობ-გიგანტს დასავლური ბაზრებიდან კიდევ უფრო გაიყვანს და მათ გავლენას საგრძნობლად შეამცირებს.

Lukoil-ში არ გამორიცხავენ, რომ უცხოური აქტივების გაყიდვის პროცესში შტატების შესაბამისი დეპარტამენტისაგან ლიცენზიის გახანგლივების მოთხოვნა მოუწიოთ, რადგან პოტენციურ მყიდველებთან მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა დათქმულ დროში ვერ დასრულდეს.

სრულად წაკითხვა