აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოს სტუმრობს, სადაც უკვე გამართა შეხვედრები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მთავრობის პრესსამსახურმა 7 მაისს. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში“.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც შეხვედრას კობახიძესთან ერთად დაესწრო, განაცხადა, რომ ვიზიტი „ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა“.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. „თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას და უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები“.
„ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·