აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, – ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.
უკრაინა აღნიშნულ შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
„ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა.
ასევე, პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.
„შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
საერთაშიროსო alia.ge