21 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ „ანტიამერიკულ მთავრობად“ მოიხსენია.
„უკვე 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ხელში უკავიათ ამერიკის დროშები და პრეზიდენტის [ტრამპის] პოსტერები“, – განაცხადა უილსონმა. მან ჰკითხა რუბიოს, რას გააკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ხელმძღვანელობით, რათა რეალური ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“.
რუბიომ უპასუხა: „დავუბრუნდები იმას, რაც უკვე ვთქვი ჩემს შესავალ სიტყვაში, აშშ-ის მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესია. ასე რომ, ჩვენ ასე ვიტყოდით: არის თუ არა ჩვენს ინტერესში, რომ ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობას საფასური დავაკისროთ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის, რაც განხილვის პროცესშია“.
„კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ჩვენს ადგილობრივ ოფისს, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებს გამოეხმაურება მთავრობა – ანტიამერიკული მთავრობა”, – განაცხადა რუბიომ.
მოსმენის დროს უილსონმა „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და „ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაციაში“დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „გაყარა ამერიკული კომპანიები, დაბლოკა ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა შუა დერეფანში და საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდა“ და „არაერთხელ სწამებდა ცილს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას“.
რუბიოს განცხადება ვაშინგტონსა და თბილისს შორის დემოკრატიული უკუსვლის, „ქართული ოცნების“ გაძლიერებული რეპრესიებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა. 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
13 მაისს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა. კობახიძე MEGOBARI აქტს აკრიტიკებს და კანონმდებლობას „აბსურდულს“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“. წერილში გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
ასევე წაიკითხეთ: