აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საქართველოზე იმსჯელეს

2 weeks ago 8

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 5 დეკემბერს მოსმენა გამართა „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ განხორციელების შესახებ, რათა სანქციების მექანიზმის შემდგომი გაძლიერებისა და გაუმჯობესების გზებსა და სხვა ქვეყნებთან უკეთეს კოორდინაციაზე ემსჯელა. დისკუსია ასევე შეეხო საქართველოს და მისი ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების უფლებების მუდმივ დარღვევას. გამოითქვა იმედი, რომ მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაკისრებული სანქციები ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის აღმოფხვრას დაეხმარება.

საკომიტეტო მოსმენაზე მოწმეების სტატუსით მოუსმინეს ადამ კითს, Human Rights First/Accountability-ს უფროს დირექტორს, და უილიამ ბრაუდერს, Hermitage Capital Management-ის ხელმძღვანელს. სწორედ ეს უკანასკნელია მაგნიტსკის აქტის – ადამიანის უფლებათა დარღვევისა და კორუფციისთვის ინდივიდუალური სანქციების დაკისრების ინსტრუმენტის – ერთ-ერთი ინიციატორი.

განხილვისას სენატორმა ჯეიმს რიშმა აღნიშნა, რომ: „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა პრო-ევროპულ დემონსტრაციებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ძირითადი უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“.

სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ „ვიმედოვნებთ, რომ მაგნიტსკის სანქციები დაეხმარება საქართველოს სწორ გზაზე დაყენებას“ და დასძინა: „ამჟამინდელი ხელისუფლების“ ქმედებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ „მიუღებელია“.

სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ „საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ“.

მან მოწმეებს დაუსვა შეკითხვა კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის კავშირზე და თუ „რა როლი ითამაშა კორუფციამ საქართველოში კრიზისის გაღვივებაში?

უილიამ ბრაუდერმა, ერთ-ერთმა მოწმემ, აღნიშნა, რომ „კორუფცია გადამწყვეტი საკითხია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, თავისი ფული რუსეთში „გაზპრომისა“ და სხვა „უაღრესად კორუმპირებული“ სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით იშოვა. მისი თქმით, შემდეგ ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. „მაშინ, როგორ აკონტროლებენ მას რუსები? ისინი ეუბნებიან: შენ ფული პოტენციურად საეჭვო გზით იშოვე, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი წაგართვათ, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები, ან შეიძლება არაფერი გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები. ასე რომ, მას შემდეგ, ის აქტიურად ეხმარება მათ“, – აღნიშნა ბრაუდერმა.

„ამრიგად, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული მთავრობაა და ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ისტორიის მეორე მხარე ისაა, რომ „ადამიანებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან და ხელისუფლებაში არიან, არ სურთ, რომ მომავალმა მთავრობამ მათი საქმეები გამოიძიოს“ და დასძინა, რომ ისინი უარს ამბობენ ძალაუფლების დათმობაზე და არჩევნებს აყალბებენ. „ეს არის როლი, რომელსაც კორუფცია ასრულებს“, – დასძინა მან.

სანქციების, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების თემაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რუსებმა ყველა გზა გამონახეს სანქციებთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებს რბილი პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ყველაფერი, რაც რუსეთში უნდა შევიდეს, საქართველოს გავლით შედის.

სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაჟღეროთ გზავნილი, რომ ამ საკითხზე სენატსა და კონგრესში ორმხრივი კონსენსუსი არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ უხეშ დარღვევებს, რომელთაც ქვეყანაში აქვს ადგილი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა