ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, დიპლომატებმა და საქართველოს საკითხებში ექსპერტებმა შეშფოთება გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოში რეპრესიების ესკალაციისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო.
17 პირის მიერ ხელმოწერილ ღია წერილში, ჯგუფი გმობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევას და აშშ-ის ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. წერილში ხაზგასმულია შეშფოთება საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო, გადაწყვეტილება, რომელსაც „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მიესალმა“. ის ასევე აკრიტიკებს ავტორიტარულ პოლიტიკას, მათ შორის შეზღუდვებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ხარვეზიან საპარლამენტო არჩევნებს. „ხელისუფლება თბილისში, რომელმაც განახორციელა ეს ავტორიტარული პოლიტიკა, და მათი აგენტები პირად სარგებელს ეძებენ“, – ნათქვამია წერილში.
ჯგუფი მოუწოდებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მიღონ რამდენიმე პოლიტიკური ზომა, მათ შორის: „შეაჩერონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება“, „ასევე შეაჩერონ ახალი პარლამენტისა და ქართული ოცნების მთავრობის ხელახალი ფორმირების აღიარება“, „მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში“.
ხელმომწერები ასევე მოითხოვენ, რომ სანქციები დაეკისროთ ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის „ქართული ოცნების დე ფაქტო ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, ასევე პოლიციელებსა და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას მაქინაციებში მონაწილებდნენ“.
„საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა საფრთხის ქვეშაა“, აცხადებენ ხელმომწერები და ქართველი ხალხის დახმარების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, აშშ-სა და ევროკავშირს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
წერილს ხელს აწერენ:
- რობერტ ჩეკუტა – აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში;
- ლუკ კოფი – ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;
- პაულა დობრიანსკი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე გლობალურ საკითხებში;
- ეველინ ფარკასი – მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე;
- დანიელ ფრიდი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში;
- ჯონ ჰერბსტი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში;
- ბენ ჰოჯესი – ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი;
- რიჩარდ კაუზლარიჩი – აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში;
- იან კელი – საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
- დევიდ კრამერი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში;
- ლორა ლინდერმანი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი და პროგრამების დირექტორი;
- რიჩარდ მორნინგსტარი – აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში;
- სტივენ სესტანოვიჩი – საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი;
- უილიამ ტეილორი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში;
- ლორა თორნტონი – მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, NDI საქართვეელოს ყოფილი დირექტორი;
- ალექსანდრ ვერშბოუ – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში;
- კურტ ვოლკერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაზე მოლაპარაკებების საკითხებში;
- კენეტ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში;
- მერი იოვანოვიჩი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)