აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება მიიღო.
შესწორებები რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. ერთი შესწორება გამოხატავს კომიტეტის შეშფოთებას „საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და იმ სხვა პირების დაკავებითა და დაპატიმრებით, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევიან და მიაჩნია, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამისად მაღალ დონეზე უნდა წამოიჭრას საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ ურთიერთობებში“. კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს „არასაიდუმლო ანგარიში“, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია პოლიტპატიმრების საკითხის საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში ჩართვის შესახებ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, ავტორიზაციის აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას“ იკვლევს და აფასებს „რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში“.
იგივე დებულება ასევე ავალებს სახელმწიფო მდივანს, მოამზადოს აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
საკითხზე კომენტირებისას, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა და კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ, განაცხადა, რომ „ვინაიდან MEGOBARI აქტი სენატში დროებით გაიჭედა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სტრატეგია შეცვალეს და განსხვავებულ საკანონმდებლო მექანიზმს და სტრატეგიას მიმართეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ სენატში ცალკე მდგომი დიდი კანონპროექტის (მეგობარი აქტი) დაბლოკვა წარმატებად შეაფასა, ამ ნაბიჯმა და წინაღობამ საპასუხო რეაქცია გამოიწვია და უილსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უფრო სახიფათო მექანიზმების ინიცირებას დაუდო სათავე“, – წერს აკობია „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, კანონპროექტს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი დამტკიცებამდე, თუმცა „რისკები ნაკლებია, რადგან მოთხოვნა უფრო დაწურულია და მყისიერ ნაბიჯებს არ ითხოვს, არამედ ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და საჯარო ანგარიშს“.
This post is also available in:

4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·