აშშ „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამას აჩერებს – რა ბედი ელის უკვე დაწყებულ პროცესებს?

1 hour ago 2

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამა (Diversity Visa Program – DV), რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად უცხო ქვეყნის დაახლოებით 50 000 მოქალაქე იღებს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლებას. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია უსაფრთხოების დამატებით ზომებთან. ადმინისტრაციის განმარტებით, პროგრამის მოქმედი მექანიზმები გამკაცრებასა და უფრო სიღრმისეულ შემოწმებას საჭიროებს.

რატომ შეაჩერა აშშ-მა პროგრამა?

დროებითი შეჩერების მიზეზად დასახელდა უსაფრთხოების რისკები, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში მძიმე ძალადობრივ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი აშშ-ში სწორედ „მწვანე ბარათის“ ლატარიის გზით მოხვდა. ამ შემთხვევამ პროგრამის ეფექტიანობასა და აპლიკანტთა შემოწმების პროცესთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია გამოიწვია.

საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „ვეტინგის“ სისტემის გადახედვას, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი რისკები.

გაუქმება თუ დროებითი პაუზა?

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ამ ეტაპზე არ გაუქმებულა – საუბარია მხოლოდ დროებით შეჩერებაზე. ეს ნიშნავს, რომ:

  • ახალი რეგისტრაციები და მიმდინარე პროცედურები შეჩერებულია;
  • მიმდინარეობს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი შეფასება;
  • პროგრამის აღდგენის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის არ არის დასახელებული.

ამასთან, Diversity Visa პროგრამა კანონით არის განსაზღვრული, რის გამოც მისი სრულად გაუქმება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვერ მოხდება და თუ მაინც დადგა დღის წესრიგში, მაშინ კონგრესისა და შესაძლოა სასამართლოების ჩართულობაც გახდეს საჭირო.

რა ბედი ელის უკვე განხილვაში მყოფ საქმეებს?

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც უკვე მოიგეს „მწვანე ბარათი“ და რომელთა განაცხადები შერჩევის ან დამუშავების ეტაპზეა: ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, გაგრძელდება თუ არა ამ საქმეების განხილვა ძველი წესებით, გადაიხედება თუ სრულად შეჩერდება ეს პროცესიც.

ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელია, რომ:

  • უკვე შერჩეული აპლიკანტების საქმეები გადაიხედოს;
  • პროცესები მნიშვნელოვნად გაჭიანურდეს;
  • საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ახალი უსაფრთხოების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

შეიცვლება თუ არა პროგრამა მომავალში?

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წარსულშიც არაერთხელ აკრიტიკებდა „მწვანე ბარათის“ ლატარიის სისტემას და მის შეცვლაზე საუბრობდა. ამიტომ, ანალიტიკოსთა შეფასებით, პროგრამა შესაძლოა მკაცრად შეცვლილი ფორმით, უფრო მკაცრი შერჩევისა და კონტროლის მექანიზმებით დაბრუნდეს.

ამ ეტაპზე უფრო რეალისტურად მიიჩნევა პროგრამის დროებითი შეჩერება და რეფორმა, ვიდრე მისი სრულად გაუქმება, თუმცა საბოლოო სცენარი დამოკიდებული იქნება როგორც ადმინისტრაციის პოზიციაზე, ისე კონგრესისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

„მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამა, რომელსაც ოფიციალურად Diversity Visa Program-ს ან DV1-ს უწოდებენ – არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 უცხოელს ეძლევა მუდმივი ცხოვრების უფლება აშშ-ში.

გადაწყვეტილება „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების თაობაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანის, კრისტი ნოემის თქმით, „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების ბრძანება დონალდ ტრამპის მითითებით გასცა, რომელსაც ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარმა შემთხვევამ მისცა. 2025 წლის 13 დეკემბერს უნივერსიტეტის აუდიტორიაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შედეგადაც 2 სტუდენტი დაიღუპა, სულ მცირე, 9 კი დაშავდა.

როგორც კრისტი ნოემი აღნიშნავს სოციალურ ქსელში, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სისხლიან ინციდენტში დამნაშავემ, 48 წლის პორტუგალიელმა კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ 2017 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. „ეს საძაგელი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო“, – წერს ნოემი სოციალურ ქსელში.

The Brown University shooter, Claudio Manuel Neves Valente entered the United States through the diversity lottery immigrant visa program (DV1) in 2017 and was granted a green card. This heinous individual should never have been allowed in our country.

In 2017, President Trump…

— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) December 19, 2025

მედიის ცნობით, 2025 წელს „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში 20 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა