აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონს

2 weeks ago 13

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 1 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის შესახებ კანონი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა „საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და დაგმო ყველანაირი ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას ახორციელებენ.

„აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმდებლობას, რომელიც დღეს დილით საქართველოს პარლამენტში იქნა წარდგენილი, ასევე ყალბ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ მის დასაცავად. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლების კრიტიკული მაკონტროლებლის როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“.

პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ „საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიის და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად საქართველოსთვის გამოყოფილი უცხოური დახმარების არასწორად დახასიათება“ ძირს უთხრის აშშ-სა და საქართველოს შორის 32 წლიან „ძლიერ ურთიერთობას“.  ამავდროულად, „ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე გადაიყვანა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, და ამით საფრთხე ექმნება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა ისმოდეს. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. მიუღებელია ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საშუალება მისცენ არაძალადობრივ აქციის მონაწილეებს, განაგრძონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, – აცხადებს მილერი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა