აშშ-ში გასაჯაროვდება პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის საიდუმლო დოკუმენტები

3 hours ago 1

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გასაჯაროვდება 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები. საჯარო გახდება პრეზიდენტ კენედის ძმის, სენატორ რობერტ კენედის და რასობრივი თანასწორობისთვის მებრძოლი სასულიერო პირის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობათა მასალებიც.

პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა შესაბამისი განკარგულება 23 იანვარს გამოსცა. მისი პოზიციაა, რომ მკვლელობებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ ოჯახებმა და ამერიკელმა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდნენ.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა და გენერალურმა პროკურორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველსა და თანაშემწესთან ერთად, დონალდ ტრამპს 15 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიების მასალების სრულად გამოქვეყნების გეგმა. 45 დღეში უნდა მომზადდეს რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კონგის მკვლელობების საგამოძიებო დოკუმენტების გამოქვეყნების გეგმა.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ყოფილ საზღვაო ქვეითს, ლი ჰარვი ოსვალდს დაკავებიდან რამდენიმე დღეში, პოლიციის განყოფილებიდან საპატიმროში გადაყვანის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ. პრეზიდენტ კენედის მკვლელობა დღემდე რჩება შეთქმულების თეორიების საფუძვლად.

ჯონ კენედის უმცროს ძმას, აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სენატორ რობერტ კენედის, რომელიც დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, 1968 წლის 5 ივნისს, ლოს-ანჯელესში, საარჩევნო მიტინგზე ესროლეს. დანაშაულის ადგილზე დააკავეს პალესტინელი სერჰან სერჰანი. 1969 წელს მას სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა, მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

რასობრივი თანასწორობისთვის მებრძოლი ბაპტისტი სასულიერო პირი და ორატორი მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს მოკლეს ქალაქ მემფისში. მკვლელობისთვის 99 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ადრეც არაერთხელ ნასამართლევ ჯეიმს ერლ რეის. ის 1988 წელს ციხეში გარდაიცვალა.

სრულად წაკითხვა