აშშ-ში ჯაშუშობის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე ქალი

2 weeks ago 10

აშშ-ში დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, ნომა ზარუბინა, ეჭვის საფუძველზე, რომ იგი ყალბ ინფორმაციას აწვდიდა აშშ-ის სამართალდამცველებს და კავშირებს ინარჩუნებდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან - რაც მას აკავშირებს ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან, რომელმაც შეერთებული შტატები დატოვა სამართალდამცავთა მხრიდან დევნის ფონზე.

ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის სასამართლოსთვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ნოემბრის ბოლოს წარდგენილი ინფორმაციით, ზარუბინა რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა (FSB) 2020 წელს გადაიბირა და ის მოქმედებდა კოდური სახელით "ალისა".

გავრცელებული ინფორმაციით, ზარუბინა მუშაობდა ჟურნალისტებსა და ექსპერტებს შორის კონტაქტების ქსელის შესაქმნელად და პარალელურად ასრულებდა FSB-ის ოფიცრის დავალებებს ციმბირის თავის მშობლიურ ქალაქში, ტომსკში.

FBI-ის ცნობით, ზარუბინამ 2021 წელს განზრახ შეიყვანა შეცდომაში აგენტები, როცა რუსეთის დაზვერვასთან ყველანაირი კავშირი უარყო. მისი განცხადებების საპირისპიროდ, ზარუბინა FSB-ის დავალებით მონაწილეობდა ევროპასა და აშშ-ში გამართულ ფორუმებსა და შეხვედრებში.

უცხოეთში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი, ლეონიდ ვოლკოვი 2 დეკემბერს ფეისბუკით წერს, რომ ზარუბინა ნახა თავის მხარდამჭერებთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

საქმე ზარუბინას აკავშირებს ელენა ბრენსონთან (იგივე "ჩერმიხი"), "აშშ-ში მყოფი რუსი თანამოქალაქეების საკოორდინაციო საბჭოს" ხელმძღვანელთან, რომელსაც 2022 წელს წარედგინა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ უკანონო ქმედებების ჩადენის ბრალდება.

ბრენსონი, რომელმაც აშშ დატოვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნიუ-იორკში მისი ბინა გაჩხრიკა, ამჟამად სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. არსებული ეჭვით, იგი ზარუბინას 2016 წლიდან უწევდა ზედამხედველობას.

ზარუბინა 25 000 დოლარის ოდენობის გირაოთი გაუშვეს საპატიმროდან, მას აკრძალული აქვს ნიუ-იორკის დატოვება, რუსეთის ოფიციალურ პირებთან კონტაქტი, ჩამორთმეული აქვს პასპორტი. ზარუბინა ამბობს, რომ გირაო მესამე მხარემ გადაიხადა, თუმცა გადამხდელის ვინაობას არ აკონკრეტებს.

სრულად წაკითხვა