აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ 4 აპრილს თანამდებობა დატოვა, ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მას ამ პოსტზე გიორგი ბუხარიშვილი შეცვლის.
ახალ დანიშვნამდე ბუხარიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა 2023 წელს. ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ის წინა ხელისუფლების დროს პოლიციის ერთ-ერთი სპიკერი და 2021 წლის 1 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ დეპარტამენტების ხელმძღვანელები პერიოდულად იცვლებიან პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. თუმცა, უცნობია რა თანამდებობას დაიკავებს ბესელია როტაციის ფარგლებში.
ბესელია აჭარის პოლიციის უფროსად 2022 წლის 21 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტზე ავთანდილ გალდავა შეცვალა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, იგი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წელს მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ბესელია „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეში იყო ჩართული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აკავებს ბესელია ამაღლობელს პოლიციის ღობეზე პოსტერის მიკვრის გამო. საია ბესელიასა და სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითხოვს.
ბესელიას გადადგომა „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე უფრო ფართო ცვლილებების ფონზე მოხდა. მანამდე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გააუქმა გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნის შესახებ, ხოლო მის ნაცვლად ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე კახაბერ გულედანი დაასახელა.
ლილუაშვილის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი ანრი ოხანაშვილი გახდა. ოხანაშვილი მანამდე იუსტიციის მინისტრად მსახურობდა, უფრო ადრე კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/04/2025 – „ქართულმა ოცნებამ“ ლილუაშვილის მინისტრად დანიშვნა გადაიფიქრა
- 04/04/2025 – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
- 12/02/2025 – საია: მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ადვოკატები შუამდგომლობას წარადგენენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)