პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა და წამყვანმა კობა ფარტენაძემ ბათუმში მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტების შესახებ განაცხადა. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თუმცა, სამინისტრომ არ დააკონკრეტა მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.
10 აგვისტოს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ ეუბნება რამდენიმე უცნობი პირი ფარტენაძეს, რომ მათ გაყვეს. ერთ მომენტში ერთ-ერთი მამაკაცი მის მიმართ ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ ენას იყენებს და დამამცირებლად მოიხსენიებს მის შეღებილ თმას.
„სად უნდა წამოგყვე უცხოს?“ – ეკითხება ფარტენაძე და ამბობს, რომ ის ტელევიზიაში მიდის. მისი თქმით, მსგავსი შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა“, – წერს ფარტენაძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რასაც თან ახლავს ვიდეო. „ზოგიერთის დამადასტურებელი კადრი მაქვს, ზოგიერთის არა, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დამემტკიცებინა“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთოება უზრუნველყოს“.
„ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
ფარტენაძე 2023 წელსაც იტყობინებოდა თავდასხმის შესახებ. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ განაცხადა, რომ ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. მედიასთან ინტერვიუში კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას მიაჩნდა, რომ თავდასხმის მიზეზი მისი არასტანდარტული გარეგნობა გახდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები