WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე ამბობს, რომ ბათუმში ყოველ საღამოს თავს ესხმიან, ემუქრებიან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, თავდასხმები სწრაფად გამოიძიოს და მისი უსაფრთოება უზრუნველყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მუქარა და შეურაცხყოფა

10 აგვისტოს დილას გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ უცხო პირები ფარტენაძეს მოუწოდებენ, გვერდზე გაჰყვეს, რაზეც ის უარს ამბობს და ეუბნება, რომ ტელევიზიაში მიდის, თუმცა მას თავს არ ანებებენ.

უცხო კაცი ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, შემდეგ კი ფარტენაძეს დაჭრით ემუქრება:

„ვიღაც, ბიჭო, შეღებილი თმით ... ვინცხა პიდა***ი შე *ემა... წამოდი ერთი წამით. გეშინია“?

პასუხზე, რომ უცხოს სად უნდა გაჰყვეს, უცხო პირი ეუბნება: „აგერ ა, ნახე, გვერდზე შევალთ, პირდაპირ, ჩიხში, ასე, ტრა*ში მიგჭრი და“...

„სისტემატურად ხდება“

ფარტენაძე ფეისბუკზე წერს, რომ იგი ყოველ ღამეს აწყდება მსგავს ფაქტებს, ძალადობასა და დისკრიმინაციაციას.

„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა“, - წერს იგი.

მისი თქმითვე, ზოგიერთი შემთხვევის დამადასტურებელი კადრი აქვს, ზოგიერთისა კი - არა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დამემტკიცებინა“.

„რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა“? - წერს ის.

„მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას“, - აცხადებს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი.

ქარტია რეაგირებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 10 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, შსს-ს მოუწოდებს, „სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთოება უზრუნველყოს“.

„თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს ქარტია.

ჟურნალისტმა გამოცემა „აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავმდამსხმელი „აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა“.

„ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს“, - წერს ჟურნალისტების პროფესიული გაერთიანება.

გამოძიება დაიწყო - შსს

10 აგვისტოსვე რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ჯერჯერობით სხვა დეტალები - რა მუხლით დაიწყო გამოძიება, ვინ გამოჰკითხეს და - უცნობია.